საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევიდან სამის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია

news
ავტ.: news ივლისი 23, 2020 11:49

საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევიდან სამის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევიდან ხუთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, ორი გარდაბნის მუნიციპალიტეტს უკავშირდება, ორი შემთხვევა შემოტანილია, ხოლო კიდევ სამის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

„გუშინ ქვეყანაში იყო 1073 დადასტურებული შემთხვევა. დღეს დაგვემატა 12 ახალი შემთხვევა და ამჟამად 1085 შემთხვევაა ქვეყანაში. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მხოლოდ ოთხით გაიზარდა და ამ დროისთვის არის 911. 12 ახალი შემთხვევიდან ხუთი პაციენტი არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, ორი არის ახალი დადასტურებული შემთხვევა, გაჩიანის, ანუ გარდაბნის წყაროდან, ორი გახლავთ იმპორტირებული შემთხვევა, სამის წყაროსა და კონტაქტების მოძიება კი ამ დრომდე გრძელდება“ , – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 191 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, კლინიკას ორი ახალი პაციენტი დაემატა. შესაბამისად, ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით 30 პაციენტი იმყოფება.

„ჩვენს ცენტრში ბოლო დღე-ღამეში არავინ გამოჯანმრთელებულა, დაგვემატა მხოლოდ ორი ახალი შემთხვევა და ახლა გვყავს 30 დადასტურებული შემთხვევა. ამ ორი ახალი პაციენტიდან ერთი არის იმპორტირებული შემთხვევა, ერთი კი გახლავთ გაჩიანის კლასტერიდან. რუტინული და გაფართოებული კვლევებითაც ორივეს მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ჩვენს ცენტრში მოთავსებული პაციენტებიდან ორი კვლავ მძიმე პაციენტია, თუმცა მათთან სტაბილიზაცია მიღწეულია და დაავადება აღარ პროგრესირებს უკვე მესამე დღეა. ალბათ, ასეც გაგრძელდება და მალე მათი პროგნოზი კეთილსაიმედო იქნება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა კი საშუალო და საშუალოზე მსუბუქია“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

news
ავტ.: news ივლისი 23, 2020 11:49