ცერცვაძე: მიზანშეწონილია, საქართველომ გააძლიეროს COVID-კონტროლი ჩინეთიდან ჩამოსულებზე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოსა და კორონავირუსის მართვის კლინიკური ჯგუფის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, “საახალწლო დღეებში გაზრდილი მობილობის და სოციალური აქტივობების მიუხედავად საქართველოში შენარჩუნებულია სტაბილურად კარგი COVID ეპიდსიტუაცია”. მისი ინფორმაციით, ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლო 1 კვირაში მცირედით გაიზარდა, მაგრამ არ აღემატება დღეში 200-300 შემთხვევას. ცერცვაძის ცნობით, დღეში საშუალოდ კეთდება 6-7 ათასი ტესტი COVID-ზე, დადებითობის მაჩვენებელი კი, 3.5%-ის ფარგლებშია.

თუმცა, თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში მსოფლიოში COVID ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენციებია, რაც შეიძლება რისკების შემცველი იყოს საქართველოსთვისაც. ის ფიქრობს, რომ მიზანშეწონილი იქნება, საქართველომ გააძლიეროს COVID-კონტროლი ჩინეთიდან ჩამოსულებზე.

სამწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარული ფრენები აღდგება
“საჭიროა, სასწრაფოდ გაკეთდეს დეტალური ანალიზი და დროულად იქნას მიღებული საპასუხო ზომები (ჯანდაცვის სამინისტრო და კლინიკური ჯგუფი ამაზე უკვე მუშაობს). ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყანაში დღეს არსებული COVID სიტუაცია შევინარჩუნოთ და მართვის სადავეები ხელიდან არ გაგვექცეს.

კერძოდ, ბოლო დღეებში მსოფლიოში ფიქსირდება როგორც COVID ახალი შემთხვევების ზრდა (500 ათასზე მეტი დღეში), ისე COVID გარდაცვალების შემთხვევების მატება (1 600 გარდაცვალებაზე მეტი დღეში)… საყურადღებოა აგრეთვე, რომ აშშ-ში დომინანტური ხდება ომიკრონის ახალი სუბვარიანტი XBB.1.5, რომელიც ხასიათდება ომიკრონის წინამორბედ სუბვარიანტებზე კიდევ უფრო მეტი გადამდებლობით და გარდა ამისა, შესაძლოა ეს სუბვარიანტი ნაკლებად მგრძნობიარე იყოს არამარტო სტანდარტული ვაქცინის, არამედ ახალი თაობის ბივალენტური ვაქცინის მიმართაც. ეს იმიტომ, რომ XBB.1.5 არის BA.2-ის სუბვარიანტი მაშინ, როდესაც განახლებული ბუსტერ ვაქცინები ძირითადად გათვლილი იყო ომიკრონის BA.4 და BA.5 სუბვარიანტებზე. XBB სუბვარიანტი დაფიქსირდა ჩინეთშიც, თუმცა მისი გავრცელება არ მომხდარა და ჩინეთში კვლავ დომინირებს BA5.2 და BF.7 სუბვარიანტები. XBB.1.5-ის ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა ევროპის ქვეყნებშიც, თუმცა მისი გავრცელება ჯერჯერობით არ მომხდარა. ამ ეტაპზე საქართველოში XBB.1.5 სუბვარიანტი აღრიცხული არ არის და დომინანტურად კვლავ რჩება BA.5 სუბვარიანტი.

ცალკე თემაა COVID-ის გავრცელება ჩინეთში. ეს ქვეყანა ზუსტი მონაცემების გამოქვეყნებისგან თავს იკავებს, მაგრამ სხვადასხვა ავტორიტეტული წყაროების მიხედვით ჩინეთში ყოველდღიურად ფიქსირდება რამოდენიმე ათეული მილიონი COVID ახალი შემთხვევა და დაახლოებით 9000 COVID გარდაცვალება. ჯანმო-მ უკვე მიმართა ჩინეთს თხოვნით, რომ რეგულარულად გამოაქვეყნონ ზუსტი რიცხვები, რათა შესაძლებელი იყოს რისკების შეფასება და მათზე რეაგირება. ვფიქრობთ, მიზანშეწონილი იქნება საქართველომ გააძლიეროს COVID კონტროლი საზღვარზე (COVID-ზე ტესტის შედეგის მოთხოვნა და სხვ.) ჩინეთიდან ჩამოსულ პირებზე” – წერს თენგიზ ცერცვაძე.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოსა და კორონავირუსის მართვის კლინიკური ჯგუფის დირექტორი მიიჩნევს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველა პირმა, ვისაც ექნება ნებისმიერი რესპირაციული ინფექციის კლინიკური გამოვლინებები, პირველივე დღეებში ჩაიტაროს ტესტი COVID-ზე და დადასტურების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს ოჯახის ექიმს.

“ამით ძალიან მაღალი ალბათობით თავიდან ავიცილებთ დაავადების დამძიმებას, ჰოსპიტალიზაციას და რაც მთავარია, არასახარბიელო გამოსავალს. კიდევ ერთხელ შევახსენებ მოსახლეობას, რომ ბოლო თვეების მანძილზე იმ COVID ავადმყოფებში, რომლებმაც დროულად ჩაიტარეს ტესტირება და ჩვენების არსებობის შემთხვევაში დროულად დაიწყეს მკურნალობა ანტივირუსული მედიკამენტებით – პაქსლოვიდით ან რემდესივირით, COVID გარდაცვალების პრაქტიკულად არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ამასთან ერთად, კიდევ ერთხელ მივმართავ ოჯახის ექიმებს და კლინიკებს, რომ COVID-ზე უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში, რესპირაციული ინფექციებით ავადმყოფებში ფართოდ გამოიყენონ გრიპზე ტესტირება და ჩვენებების შემთხვევაში გამოიყენონ სპეციფიკური ანტივირუსული მედიკამენტი – ოსელტამივირი (ტამიფლუ)” – წერს ცერცვაძე.

banner
წინა სტატიაშიუკრაიანის დამცველებმა რუსული კა-52 ვერტმფრენი ჩამოაგდეს
შემდეგი სტატიარუსეთმა ომში დაახლოებით 113 990 სამხედრო და 3 094 ტანკი დაკარგა