რატომ უნდა მიმართოთ ექიმს კოვიდინფიცირებიდან 8-10 დღის განმავლობაში – ცერცვაძის განმარტება

კოვიდავადმყოფი თუ მოგვმართავს პირველი 8-10 დღის განმავლობაში, ჩვენ დღეს გვაქვს ისეთი მედიკამენტები და მკურნალობის გამოცდილება, რომ ამ პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა თავიდან აიცილებს დაავადების დამძიმებას, რეანიმაციაში მოხვედრას, შესაბამისად, გარდაცვალებას, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

საკითხზე საუბრისას თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსის სამკურნალო ხუთი მედიკამენტი დაასახელა და აღნიშნა, რომ აქედან ოთხი ეფექტურია მხოლოდ ვირუსის გამოვლენიდან 8-10 დღის განმავლობაში.

„კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ვარ და პასუხს ვაგებ მკურნალობასა და ავადმყოფების გადარჩენაზე. ჩვენ სათანადო რეაგირება მოვახდინეთ ამაზე, საერთაშორისო სტანდარტებით ხდებოდა მკურნალობა, მაგრამ გავაძლიერეთ ეს პოტენციალი, შემოვიტანეთ ხუთი უახლესი მედიკამენტი. ძალიან მნიშვნელოვან განცხადებას ვაკეთებ, მინდა, იცოდეს მოსახლეობამ, რომ თუ კოვიდავადმყოფი მოგვმართავს პირველი 8-10 დღის განმავლობაში, ჩვენ დღეს გვაქვს ისეთი მედიკამენტები და მკურნალობის გამოცდილება, რომ ამ პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა თავიდან აიცილებს დაავადების დამძიმებას, რეანიმაციაში მოხვედრას და შესაბამისად, გარდაცვალებას. მაგრამ სამწუხაროდ, 5 ახალი მედიკამენტიდან 4 მედიკამენტი ეფექტიანია იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობა დაიწყება დაავადების პირველი სიმპტომებიდან 8-10 დღეში, ვიდრე ვირუსი მრავლდება, შემდეგ ეს მედიკამენტები ეფექტური არ არის. ჯერჯერობით ჩვენ შემოვიტანეთ 5 მედიკამენტი, „რემდესივირი“, „ბარიციტინიბი“, „ტოცილიზუმაბი“ და მონოკლონური ანტისხეულების ორი სხვადასხვა სახეობა. ერთ ფორმას ვიყენებთ ამბულატორიულ ავადმყოფებში, ბინაზე დარჩენილებში, მეორე ფორმას – კლინიკაში. ამ მედიკამენტებიდან სამი არის ანტივირუსული მოქმედების და მხოლოდ პირველი რვა დღე მოქმედებს, ერთი არის შერეული მოქმედების, რომელიც მოქმედებს როგორც ანტივირუსული მედიკამენტი, ისე ანთების საწინააღმდეგოდ. ის შეიძლება, დასაწყისში და მოგვიანებითაც გამოიყენო“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მედიკამენტ „ტოცილიზუმაბის“ ეფექტურობაზე და მას „გადარჩენის მედიკამენტი“ უწოდა. მისივე თქმით, ზემოთ დასახელებული ხუთი მედიკამენტიდან სწორედ „ტოცილიზუმაბი“ არის ის ერთი მედიკამენტი, რომელიც ვირუსის დროს დაგვიანებულ სტადიაზეც გამოიყენება და შედეგს იძლევა.

„ტოცილიზუმაბი“ ჩვენ პირველებმა ვიხმარეთ დაახლოებით ერთი წლის წინ. მაშინ ჩვენ ყველა გვაბულინგებდა და ახლა მთელი მსოფლიო ამას იყენებს. ეს არის გადარჩენის მედიკამენტი, ეს არის ერთადერთი მედიკამენტი, რომელიც დაგვიანებულ სტადიაზე გამოიყენება. შერჩევა არის მხოლოდ პაციენტის მდგომარეობა და კლინიკური ჩვენება. ეს არის სუპერდეფიციტური მედიკამენტი, რომლით მკურნალობის ერთი კურსი ჯდება 700-დან 1 200 დოლარამდე. ხუთი მედიკამენტიდან სამი სულ ახალია, ერთი თვეა, რაც შემოვიტანეთ. ჩემი კლინიკის სახელით ვილაპარაკებ, რომ მას შემდეგ, რაც ეს მედიკამენტები შემოვიტანეთ, რაც ჩვენ მკურნალობის ამ ულტრათანამედროვე სტანდარტებზე გადავედით, ბოლო ერთი თვე, თვე-ნახევრის განმავლობაში ყველა პაციენტი, ვინც ჩვენთან შემოვიდა დაავადების დაწყებიდან პირველ რვა დღეში, არც ერთის მდგომარეობა არ დამძიმებულა, არ დასჭირვებია ინტუპაცია და არ გარდაცვლილა. ისინი განიკურნენ თერაპიულ განყოფილებაში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხის მერიაში მრჩეველთა საბჭოს განახლებული შემადგენლობა მუშაობას შეუდგა
შემდეგი სტატიაგიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე: ძალიან ვღელავდი გუშინ, ვრცელი გამოსვლა ჰქონდა, გაძლო და ფეხზე იდგა, იმედია, რომ ხვალაც იგივე მოხდება