მარინა ეზუგბაია : სამი ახალი პაციენტიდან ორი საკარანტინო სივრციდანაა, ხოლო ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი საკარანტინო ზონიდანაა, ხოლო ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს წარმაოდგენს.

„დაგვემატა ამ ჯერზეც მხოლოდ სამი და გვყავს 917 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებული ხუთით გაიზარდა და გახდა 776. ახალი პაციენტებიდან, ორი გახლავთ საკარანტინო ზონიდან, ხოლო ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია“, – განცხადა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 127 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, კლინიკას ორი ახალი პაციენტი დაემატა, ერთი კი გამოჯანმრთელდა.

შესაბამისად, ამჟამად კლინიკაში 26 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს.

„ორი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი არის ჩვენს პაციენტთან კონტაქტში მყოფი პირი (ყარაჯალას შემთხვევა), ოჯახის წევრი (მოზრდილი) და მეორე გახლავთ საკარანტინო სივრციდან შემოსული პაციენტი, შემოტანილი შემთხვევა, რუსეთიდან არის შემოსული ჩვენთან. საკარანტინო სივრცეში იყო, იქ დაუდასტურდა და გადმოიყვანეს.

ორივე პიროვნების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. არსებული რუტინული კვლევით და რადიოლოგიური კვლევებითაც ჯერჯერობით დაავადების პროგრესირების ნიშნები არ ჩანს, ვნახოთ დინამიკაში რა იქნება. ასევე, ჩვენთან არსებული ყველა ძველი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, არც ერთის მდგომარეობა არ გაუარესებულა, არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : სასურსათო-საკვები პროდუქციის სფეროში ბუნებრივი დანაკარგის ჩამოწერის პროცესი გამარტივდება
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : 496 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი დაუკანონდება