გამყრელიძე: სამწუხაროდ გვექნება ლეტალობის ზრდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ლეტალურობის ზრდა მოსალოდნელია, რადგან 1 500-ზე მეტი მძიმე ავადმყოფია სამედიცინო დაწესებულებებში და 300-ზე მეტი ადამიანია ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება. 

როგორც გამყრელიძე ამბობს, იმ ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც საავადმყოფოში მკურნალობენ, აუცრელია. მისივე ცნობით, ქვეყანაში ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, 3 500-ზე მეტი ადამიანი აიცრა.

„მარათონმა გარკვეული შედეგი მოიტანა, 3500-ზე მეტი ადამიანი აიცრა. მოიტანა ისიც, რომ გარკვეულად ოდნავ უნდობლობის ყინული გალღვა სოფლის მოსახლეობაში. ახლა იგეგმება მარათონის ოდნავი სახეცვლილება. უფრო მასშტაბური ღონისძიებები ჩატარდება 10 დიდ ქალაქში, ასევე განსაკუთრებული ყურადღება იქნება სამ რეგიონზე, სადაც 60 %-ანი მოცვის ნიშნულთან ახლოს ვართ – ეს არის თბილისი, აჭარა და რაჭა-ლეჩხუმი. ასევე იქნება ორი მუნიციპალიტეტი შერჩეული, სადაც გვინდა, რომ სწრაფად ავიდეთ 60 %-ზე, ეს არის ოზურგეთი და გურჯაანი. აქ იქნება უფრო აქტიური საკომუნიკაციო კამპანია“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

NCDC-ის ხელმძღვანელის ცნობით, ხვალ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაა ჩანიშნული, რომელზეც მორიგი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. 

„ეს იქნება როგორც წამახალისებელი ღონისძიებები 60 წელს ზემოთ მოქალაქეებში, ასევე ე.წ. მწვანე პასპორტთან მიმართებაში. ამ ღონისძიებებმა მაქსიმალურად უნდა გაზარდოს აცრის მოცვა ქვეყანაში, რადგან აცრის გარეშე ეს პანდემია არ დამთავრდება, გვექნება ახალი ტალღები და სამწუხაროდ, დიდი ადამიანური დანაკარგი. 60 წელს გადაცილებული პირების სავალდებულო ვაქცინაციაზე არ არის საუბარი, მომზადებულია მთელი რიგი პაკეტი წამახალისებელი ღონისძიებების, რათა ამ ასაკის ადამიანებს აცრის სურვილი გაუჩნდეთ. ხშირად სვამენ კითხვას, რატომ ეს ასაკობრივი ჯგუფი – რადგან ამ ასაკზე სიკვდილიანობის 60% მოდის. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ გარდაცვლილთა 99 % გვყავდა აუცრელი“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის განცხადებით, როგორ განვითარდება მოვლენები, პროგნოზის გაკეთება რთულია.

banner
წინა სტატიაშიწერეთელი -ძალიან მძიმეა იმის განცდა, რასაც ჩვენ ვხედავთ, თუნდაც ბოლო ორი დღის განმავლობაში როგორ ცდილობენ ამ პროცესისა და მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციას
შემდეგი სტატიახოშტარიასთან თუმანიშვილი მივიდა – “ჩვენი პროტესტი არ წყდება”