გაბუნია – ცალსახად დგას აუცილებლობა, რომ ვაქცინაციის პროგრამაზე საინფორმაციო კამპანია იყოს მეტად აქტიური

საინფორმაციო კამპანიის აუცილებლობა აშკარად იკვეთება და ის, რომ მოსახლეობის ნახევარი უნდობლობას უცხადებს ვაქცინას, ესეც გასაკვირი არ არის და სწორედ ამიტომ არის საჭირო აქტიური საინფორმაციო კამპანია, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, NDI-ის კვლევასთან დაკავშირებული კითხვაზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, საინფორმაციო კამპანია ნელა იკრებს ძალას, ქვეყანამ საინფორმაციო კამპანია მას შემდეგ დაიწყო, რაც ვაქცინა შემოვიდა.

„განმარტება ამისი გახლდათ ის, რომ პირველი ჯგუფი ვაქცინაციისთვის იქნებოდა სამედიცინო პერსონალი, რომელსაც რეალურად აქვს საკმაოდ კარგი და ღრმა ცოდნა ვაქცინაციის პროცესის სარგებლის შესახებ და ასევე მათ უკვე იცოდნენ, რა ვაქცინას შესთავაზებდა პროგრამა. როდესაც ვსაუბრობთ ასაკოვანი ჯგუფების ჩართვაზე და ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებაზე, ცალსახად დგას იმის აუცილებლობა, რომ საინფორმაციო კამპანია უნდა იყოს მეტად აქტიური. საინფორმაციო კამპანია არის ერთ-ერთი სტრატეგია. საინფორმაციო კამპანიის აუცილებლობა აშკარად იკვეთება და ის, რომ ნახევარი მოსახლეობის უნდობლობას უცხადებს ვაქცინას, ესეც გასაკვირი არ არის და სწორედ ამიტომ არის საჭირო აქტიური საინფორმაციო კამპანია.

ჩვენ ჯერ კიდევ საკმარისი დრო გვაქვს, რათა ანტივაქსერები ან უნდობლობით განწყობილი პირები, რომლებიც დღეს არ ენდობიან ვაქცინას, დარწმუნდნენ ვაქცინის ეფექტურობაში. ყველაზე ეფექტური მაინც არის მაგალითი, ჩვენ ძალიან უიღბლოდ დავიწყეთ ეს კამპანია, რამაც კიდევ უფრო მეტი შიში და უნდობლობა გამოიწვია მოსახლეობის ვაქცინაციასთან მიმართებაში. მოგვიწევს დიდი ძალისხმევა, რათა ნდობა აღდგეს და ეს იქნება ასევე სამედიცინო პერსონალის აქტივობა“, – განაცხადა გაბუნიამ.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მოსახლეობა კორონავირუსის აცრის მიმართ კვლავ სკეპტიკურად არის განწყობილი. გამოკითხულთა 53 პროცენტი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არ აიცრებოდა.

banner
წინა სტატიაშიNDI – გამოკითხულთა 44%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება
შემდეგი სტატიათამარ გაბუნია – კვირის ბოლომდე ველოდებით „ფაიზერის“ ვაქცინას