თამარ გაბუნია – კვირის ბოლომდე ველოდებით „ფაიზერის“ ვაქცინას

კვირის ბოლომდე ველოდებით „ფაიზერის“ ვაქცინას და როგორც სამედიცინო პერსონალს, ისე 65 წელს ზემოთ პირებსაც ექნებათ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ შორის, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 65 წელს ზემოთ პირებისთვის ვაქცინაციის პროგრამა 25 მარტიდან გაფართოვდება.

„მათ შეეძლებათ რეგისტრაცია, ასევე ჩაწერა, რომ მივიდნენ ვაქცინაციაზე. ამ კვირის ბოლომდე ველოდებით „ფაიზერის“ ვაქცინას, ასე რომ, როგორც სამედიცინო პერსონალს, ისე 65 წელს ზემოთ პირებსაც ექნებათ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი, რა თქმა უნდა, გარკვეული ლიმიტების ფარგლებში, „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ შორის. აპრილის ბოლოსკენ ველოდებით დამატებით დოზებსაც, რაც ასევე განსაზღვრულია „კოვაქსის“ პლატფორმით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის საბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 25 მარტიდან ჩაერთვებიან.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია – ცალსახად დგას აუცილებლობა, რომ ვაქცინაციის პროგრამაზე საინფორმაციო კამპანია იყოს მეტად აქტიური
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – ბოლო დღეებში ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია გაჩნდა