ამირან გამყრელიძე – ამ 8 თვის განმავლობაში ბევრი ვისწავლეთ

იტალიის სცენარის განმეორება საქართველოში არ მგონია, რომ რეალობასთან ახლოს იყოს,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა საქართველოში იტალიის სცენარი განმეორდეს, როდესაც ისინი ინფიცირების მაღალი რაოდენობის გამო, არჩევანის წინაშე დადგნენ, ვინ შეეერთებინათ სასუნთქ აპარატზე და ვინ არა, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მსგავსი რამ მოსალოდნელი არაა.

„იცით, რომ გადასული ვართ მოდელზე, როდესაც ყველას არ სჭირდება ჰოსპიტალური მკურნალობა და მკურნალობას გადიან ბინაზე ან ე.წ. კოვიდ სასტუმროებში. ჩვენ, ისევე როგორც მსოფლიომ, ამ რვა თვის განმავლობაში ბევრი ვისწავლეთ და არ მგონია, იტალიის სცენარის განმეორება საქართველოში რეალობასთან ახლოს იყოს. ყოველ შემთხვევაში სახელმწიფო, ექიმები ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მსგავსი რამ ქვეყანაში არ მოხდეს“,-აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

თავის მხრივ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა აღნიშნა, რომ თუ ვირუსის გავრცელება არსებული ტემპით გაგრძელდება, ჯანდაცვის სისტემა დაწოლას გაუძლებს. მან ასევე მოქალაქეების პასუხისმგებლობას გაუსვა ხაზი.

„გვახსოვდეს, რომ ეს მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა არაა. ეს ამ ქვეყნის მოქალაქეების საქმეა. ჩვენ უნდა შევუშალოთ ხელი ვირუსის სწრაფ გავრცელებას და რაც უფრო კარგად გავაკეთებთ ამას, მით უფრო ნაკლებად გვექნება მოლოდინი, რომ იტალიური სცენარი განმეორდება“,-აღნიშნა ზახაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისკანდალი-მარნეულის ეპისკოპოსი “ქართულ ოცნებას” ეპარქიიდან მისი გადაყენების მცდელობაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე – ძნელად წარმომიდგენია, რომ ზუგდიდი იმსახურებდეს სხვანაირ ადამიანს, თუ არა ისეთ განათლებულ, გამოცდილ, წესიერ და პროგრესულ კაცს, როგორიც არის ირაკლი ჩიქოვანი