TI: მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, მთავრობა ევროპის საბჭოს
GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს.

TI-ის თქმით, 18-22 მარტს სტრასბურგში GRECO-ს 96-ე პლენარულ შეხვედრაზე დამტკიცდა საქართველოს მე-5 რაუნდის შეფასების ანგარიში, რომელმაც შეაფასა აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისა და ასევე, სამართალდამცავი ორგანოების კორუფციის პრევენციისა და კეთილსინდისიერების მექანიზმები.

მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობამ პირველად განაცხადა უარი ევროპის საბჭოს “კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის” (GRECO) ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშის საჯაროდ გამოქვეყნებაზე.

“საქართველოს მთავრობამ პირველად განაცხადა უარი ევროპის საბჭოს “კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის” (GRECO) ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშის საჯაროდ გამოქვეყნებაზე.

2024 წლის 18-22 მარტს სტრასბურგში GRECO-ს 96-ე პლენარულ შეხვედრაზე დამტკიცდა საქართველოს მე-5 რაუნდის შეფასების ანგარიში, რომელმაც შეაფასა აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისა და ასევე, სამართალდამცავი ორგანოების კორუფციის პრევენციისა და კეთილსინდისიერების მექანიზმები. შეფასებას თან ახლავს რეკომენდაციები, რომელთა შესრულების შესახებ ანგარიში საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 30 სექტემბრამდე უნდა წარადგინოს.

შეფასების ანგარიში ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორებიცაა: ინტერესთა კონფლიქტი, თანამდებობის პირების მიერ საჩუქრის მიღების პოლიტიკა, ქონებრივი და ინტერესთა მდგომარეობის დეკლარაციები, მათი მონიტორინგი და დაწესებული სანქციები. ასევე, სამართალდამცავ უწყებებში დანერგილი ანტიკორუფციული და კეთილსინდისიერების მექანიზმები და მათი პრაქტიკაში გამოყენება.

GRECO-ს მონიტორინგის მე-5 რაუნდის მაკოორდინირებელი უწყება ანტიკორუფციული ბიუროა. GRECO-ს რეკომენდაციების შესრულება ევროინტეგრაციის პროცესის ნაწილი და ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, დეოლიგარქიზაციის შემადგენელი კომპონენტიცაა.

სახეზე გვაქვს საშიში და საგანგაშო ტენდენცია, როცა საქართველოს მთავრობა უარს აცხადებს ანტიკორუფციული გარემოს მონიტორინგის პროცესში მონაწილეობაზე ან/და შეფასებების საჯაროდ გამოქვეყნებაზე. შარშან საქართველოს მთავრობამ 20 წლის მანძილზე პირველად ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის (OECD/ACN) მონიტორინგზე უარი უთხრა. OECD/ACN-ის მონიტორინგის პროცესში დაბრუნებისკენ ევროკომისია პირდაპირ მოგვიწოდებს.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპის საბჭო პროცედურულად უშვებს შეფასების ანგარიშების საჯაროდ ხელმისაწვდომობის შეზღუდვას, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, მას მხოლოდ ისეთი ქვეყნის მთავრობები იყენებენ, სადაც კორუფცია განსაკუთრებული პრობლემაა,” – წერს TI.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ – გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო
შემდეგი სტატიაგვჯერა, რომ გამოიყენებთ თქვენს პლატფორმას, რათა მხარი დაუჭიროთ საქართველოს მოქალაქეებს თავისუფლებისა და დემოკრატიული მომავლისთვის ბრძოლაში – “სირცხვილიას” მიმართვა Massive Attack-ს