საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერას სამარხიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. პრემიერ-მინისტრმა აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
“უკვე 22 წელი გავიდა ბაბუშერას ტრაგედიიდან. ჩვენ დღეს სამხედრო პატივით დავკრძალავთ ჩვენს გმირებს, რომლებიც 22 წლის წინ დაიღუპნენ აფხაზეთში. ეს, რა თქმა უნდა, არის სიმბოლური დამთხვევა, რომ დღეს, 8 აგვისტოს მივაბარებთ ჩვენს გმირებს ქართულ მიწას. ეს არის ძალიან მძიმე ოჯახებისთვის”, – განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა დევნილთა და განსახლების მინისტრს სოზარ სუბარს, მის სამინისტროს და წითელ ჯვარს, რომლებიც “აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ პროცესში”.
“ჩვენ ამ პროცესს ვაგრძელებთ, რომ შევძლოთ კიდევ დამატებით ჩვენი გმირი ჯარისკაცების ნეშტების გადმოსვენება თბილისში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად იდენტიფიცირებულ 12 ნეშტს დღესვე, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.