კანონის მიღების შემთხვევაში, იძულებულები ვიქნებით სრულად გადავხედოთ თანამშრომლობას – ბუნდესტაგის წევრი რუსულ კანონზე

“ქართული ოცნების” რუსულ კანონს დემოკრატიულ პროგრესზე თავდასხმას უწოდებს გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, ანიკო გლოგოვსკი-მერტენი, რომლის განცხადებასაც ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი ავრცელებს.

ბუნდესტაგის წარმომადგენლის თქმით, მნიშვნელოვანია არა კანონის სახელწოდება, არამედ მისი განზრახვა. მერტენი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უარი თქვას კანონზე, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებასთან შეუთავსებელია:

“საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება კიდევ ერთხელ ცდილობს შეზღუდოს სამოქალაქო ჩართულობა. 2023 წელს მათ ერთხელ უკვე სცადეს კანონის „უცხოური აგენტების შესახებ“ მიღება, რომელიც კრიმინალებად აცხადებს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასა და საინფორმაციო არხებს, რომლებიც შესაძლოა საგარეო დაფინანსებას იღებდნენ ან აშუქებდნენ იმ საკითხებს რომლებიც არ აწყობს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას. კანონის მიზანია დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დისკრედიტაცია, რომლებიც ნებისმიერი დემოკრატიული და თავისუფალი ერის განუყოფელი ნაწილია.

შესაძლოა, კანონპროექტს სახელი შეუცვალეს, მაგრამ კანონის სახელწოდება არ ახდენს მის ცვლილებას – იქნება ეს „კანონი უცხოელი აგენტების“ შესახებ თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი“ – მნიშვნელოვანია მისი განზრახვა და შინაარსი.

ეს კანონი არის თავდასხმა დემოკრატიულ პროგრესზე, რომლის მისაღწევადაც ქართულმა საზოგადოებამ ძლიერად იმუშავა მრავალი წელი. ეს შეუთავსებელია ევროპის კავშირში გაწევრიანების სწრაფვასთან, რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეები იბრძვიან წლების განმავლობაში.
მსგავსი კანონები ევროპის კავშირში არ არსებობს – და ამისთვის კარგი მიზეზი არსებობს.
სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დისკრედიტაციის მიზნით ე.წ. „უცხოური აგენტის“ კანონის ხელახალი შემოღება, საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს თანამშრომლობას ევროპელ მოკავშირეებთან, ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ დეპუტატებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს, ერთხელ და სამუდამოდ უარი თქვან ამგვარი კანონის მიღების გეგმებზე. თუ ამ კანონის მიღება მოხდება, იძულებულები ვიქნებით სრულად გადავხედოთ ჩვენს თანამშრომლობას განვითარების სფეროში, საქართველოს მთავრობასთან ერთობლივი პროექტების ჩათვლით” – ამბობს ანიკო გლოგოვსკი-მერტენი

banner
წინა სტატიაშივაშაძე – რუსული კანონის მთავარი მიზანია, ბოლომდე გააფუჭოს ურთიერთობები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან
შემდეგი სტატიაუარს ვამბობთ უცხოური გავლენის რეესტრში რეგისტრაციაზე! – სოციალური მუშაკები