უკრაინაში დააკავეს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ორი აგენტი, რომლებიც სამ რეგიონში სამხედრო ნაწილებსა და ენერგეტიკის და ტელეკომუნიკაციის ობიექტებზე სარაკეტო დარტყმებისთვის საჭირო მონაცემებს აგროვებდნენ. ამ შინაარსის ოფიციალური განცხადება დღეს, 27 მარტს, გამოაქვეყნა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა. მისი ინფორმაციით, დაკავების სპეცოპერაცია კიევსა და ოდესაში ჩატარდა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, რუსეთის აგენტების განსაკუთრებული ყურადღების სფეროში იყვნენ საჯარისო ქვედანაყოფები, რომლებიც გენერალურ შტაბს იცავენ, პოლტავის ოლქში უკრაინის არმიის ნაწილები და კიევის სატელევიზიო ანძა და თბოელექტროსადგური. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აგენტების ამოცანა იყო რუსეთის საოკუპაციო ძალების საჰაერო შეტევებისთვის შესაბამისი კოორდინატების განსაზღვრა.
გამოძიების თანახმად, მონაცემების ფარულად მოპოვების მიზნით, ერთი აგენტი ექსპედიტორად დასაქმდა ოდესის კომპანიაში, რომელიც უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებს სურსათით ამარაგებს, მეორე კი კიევში აგროვებდა ინფორმაციას სატელევიზიო ანძის და თბოელექტროსადგურის მდგომარეობის შესახებ.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული არიან 24 წლის კიეველი მამაკაცი და ოდესის ერთ-ერთი საწარმოს ინჟინერ-ტექნოლოგი, რომლებიც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მოსკოვის განყოფილების თანამშრომელმა „დისტანციურად გადაიბირა“ 2024 წლის იანვარში.
სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს საომარი მდგომარეობის პირობებში სახელმწიფო ღალატის მუხლით, რომელიც სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.
რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაზე რეაქცია ჯერჯერობით არ ჰქონია.