წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დახმარებით აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 ადამიანის ნეშტი ოჯახებს გადაეცათ. ამოცნობის შემდეგ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ოჯახებს ახლობლების ნეშტების მოძიების, ექსჰუმაციისა და ამოცნობის პროცესის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
„გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს ხელისუფლებასთან, რადგან წელს მათი პასუხისმგებლობები უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახების მხარდაჭერისა ჰუმანიტარული ამოცნობის პროცესის კუთხით გაიზრდება. 2024 წლის განმავლობაში ხელისუფლებასთან ერთობლივად, ასევე, განვაგრძობთ დაკარგული პირების ოჯახების ინფორმირებას, კონსულტაციებს, რათა მათი მოსაზრებები და წუხილი სათანადოდ იქნას გათვალისწინებული“, – წერია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის გავრცელებულ განცხადებაში.
2010 წლიდან, საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის შემდეგ, სულ მოძიებულია და ოჯახებს დაუბრუნდა 285 ადამიანის ნეშტი, რომლებიც 1992-93 წწ. აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისას და მის შემდგომ უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ. ბოლო მონაცემებით, ჯერაც დაკარგულად ითვლება 1859 სამხედრო და სამოქალაქო პირი.
აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. სხვადასხვა მონაცემით, შეიარაღებულ დაპირისპირებას ემსხვერპლა 10 000-დან 30 000-მდე ადამიანის სიცოცხლე, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.