თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თეთრ სახლში ჯო ბაიდენთან დაგეგმილი შეხვედრა გადადო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, ვიზიტი 9 მაისს იგეგმებოდა.
თეთრ სახლს 9 მაისი ერდოღანის ვიზიტის თარიღად არ დაუდასტურებია.
„ჩვენ მოუთმენლად ველოდებით თეთრ სახლში პრეზიდენტ ერდოღანის მასპინძლობას ორმხრივად ხელსაყრელ დროს, თუმცა ჯერ ვერ შევძელით განრიგების შეთანხმება და მოცემულ მომენტში გამოსაცხადებელი ვიზიტი არ გვაქვს“, – განაცხადეს თეთრ სახლში.
როგორც „როიტერს“ თურქმა მაღალჩინოსანმა ანონიმურად განუცხადა, მალე დაადგენენ ვიზიტის ახალ თარიღს. ამასთან, უცნობია, რა გახდა შეხვედრის გადადების მიზეზი.
ეს პრეზიდენტ ერდოღანის ვაშინგტონში პირველი ვიზიტი იქნება 2019 წლის შემდეგ.