თავდაცვის სამინისტროში ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი იწყება

თავდაცვის სამინისტრო გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს უსამძიმრებს

სემინარი ხვალ კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ ოფიციალურად გაიხსნება. დღეს კი კურსის მონაწილეებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე თავდაცვის უწყებაში შეხვდა და წარმატებები უსურვა.

მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს ესტონეთის ელჩმა საქართველოში პრიტ ტურკმა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ. მათ კურსის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის მიზანია საქართველოს უსაფრთხოების სისტემის მიმოხილვა რეგიონულ და საერთაშორისო კონტექტსში, ასევე, ქვეყნის თითოეული მოქალაქის როლისა და პასუხისმგებლობის ანალიზი ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის ფორმირების პროცესში.

სემინარი კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების თანამშრომლებთან ერთად სემინარის მონაწილეები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელ თანამდებობებზე მომუშავე პირები, სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები არიან.

კურსის განმავლობაში მონაწილეები თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემასა და გამოწვევებს, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესსა და თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტებს გაეცნობიან, ასევე მიიღებენ პასუხებს მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე. სემინარზე თემატურად განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ტერორიზმის ახალი ტალღა და შესაძლო გავლენა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, ხედვები ვარშავის სამიტის წინ, სამოქალაქო კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე, კანონის უზენაესობა და საზოგადოებრივი უსაფრთხოება. კონფერენციის პარალელურად მონაწილეებს სიმულაციურ კრიზისის სცენარზეც მოუწევთ მუშაობა.

სემინარის ფარგლებში, კურსის მონაწილეები უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროებში მომუშავე უმაღლესი თანამდებობების პირების, საკანონმდებლო ორგანოსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების პრეზენტაციებს მოისმენენ. მომხსენებლებს შორის არიან თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები. გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მსმენელებს ჰიბრიდული ომის გამოწვევებსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების პრიორიტეტებს გააცნობს. ეროვნული უსაფრთხოებისა და სტრატეგიული კომუნიკაციის შესახებ მონაწილეებს ესტონელი ექსპერტი რაულ რებანე ვიდეოკონფერენციის საშუალებით გაესაუბრება. ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ადაპტირებული კურსების მსგავსად ჩამოყალიბდა და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესიული განვითარების ცენტრისა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის ორგანიზებით მეოთხედ ტარდება. სემინარის მხარდამჭერები არიან საქართველოსა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროები.

banner
წინა სტატიაში,,ვისურვებდი, რომ ირაკლი ალასანიამ თავისი პარტია “რეალ ტვ”-ს არ დაამსგავსოს”
შემდეგი სტატიამსოფლიო ლიდერები ლე ბურჟეს საგამოფენო ცენტრში იკრიბებიან