შსს-მ ის პირი დააკავა, რომელმაც ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლო პროცესზე პროკურორს სანთებელა ესროლა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 1995 წელს დაბადებული პირი ლ.ბ სასამართლოს უპატივცემლობის ბრალდებით დააკავა. უწყების ინფორმაციით, ლ.ბ.-მ სანთებელა ისროლა, რომელიც პროკურორ დავით ნეფარიძეს შუბლის არეში მოხვდა, რამაც მას დაზიანება მიაყენა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში მომხდარ ინციდენტზე, კერძოდ, სამართალწარმოების მონაწილის მიმართ უპატივცემულობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. დაკავებულია 1995 წელს დაბადებული ლ.ბ.

საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. პროცესზე მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ, 1995 წელს დაბადებულმა ლ.ბ. სანთებელა ისროლა, რომელიც პროკურორ დავით ნეფარიძეს შუბლის არეში მოხვდა და დაზიანება მიაყენა.

მანდატურებმა ლ. ბ. სასამართლოს ეზოში შეაჩერეს. აღნიშნული პირი პოლიციამ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოში გადაიყვანა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“გამოძიებამ უნდა დადოს მტკიცებულებები და არა სუს-მა, შსს-მ ან პროკურატურამ”
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი – შს მინისტრი მზად არის პლენარულ სხდომაზე მოვიდეს და დეპუტატების ყველა კითხვას პასუხი გასცეს