სახალხო დამცველის თქმით, გუშინ 30 აპრილს რუსული კანონის წინააღმდეგ მიმართულ აქციაზე სამართალდამცველება არაპროპორციული ძალა გამოიყენეს.
ომბუდსმენი საგანგებო ბრიფინგზე აცხადებს, რომ საპროტესტო აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა და სპეცდანიშნულების რაზმებს მომიტინგეების დასაშლის მიზეზი არ ჰქონია.
“ამ დროისთვის სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის ფარგლებში, საჯაროდ ხელმისაწვდომი ვიდეოჩანაწერების გაცნობისა და დაკავებულებთან გასაუბრების შედეგად, მსურს, საზოგადოებას წარვუდგინო ჩვენი პირველადი შეფასება.
ადმინისტრაციული შენობის შესასვლელების გათავისუფლება შესაძლოა, იყოს ლეგიტიმური მოთხოვნა, თუმცა მთავარია, გათავისუფლების დროს გამოყენებული ძალა იყოს აუცილებელი და პროპორციული, რაც ჩვენი დაკვირვებით, ცალკეულ შემთხვევებში არ იყო სახეზე. მოგვიანებით, დაახლოებით, 40 წუთის შემდეგ, სამართალდამცველებმა გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, ე.წ. წიწაკის სპრეი, მათ შორის დამიზნებით. ასევე ზოგადად, აქციის მონაწილეების მიმართ წიწაკის სპრეის გამოყენება აქციის მიმდინარეობისას რამდენჯერმე მოხდა, რასაც ზოგჯერ თან ახლდა ტერიტორიის გათავისუფლება. არცერთ შემთხვევაში არ არსებობდა მისი გამოყენების საფუძველი. გავრცელებული ინფორმაციით დგინდება, რომ არ მომხდარა სპეციალური საშუალების გამოყენების თაობაზე აქციის მონაწილეების წინასწარი გაფრთხილება”, – ამბობს ომბუდსმენი.