საქართველოს საელჩოს მოთხოვნის შედეგად, აბრა – „აფხაზეთის რესპუბლიკა“ მოიხსნა

საფრანგეთში საქართველოს საელჩო, პარიზში ტურიზმის მსოფლიო სალონის ერთ-ერთ სტენდზე, აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის წარმოდგენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

საელჩოში აცხადებენ, რომ წარმომადგენლობამ დაუყონებლივ მიმართა სალონის დირექტორს, მოსთხოვა აბრის ჩამოხსნა და ფორმულირების შეცვლა. ამასთან, განუმარტა, რომ სალონის მიერ წარმოდგენილი ფორმულირება აფხაზეთთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება საქართველოს სუვერენიტეტსა და საფრანგეთის რესპუბლიკის ოფიციალურ პოლიტიკურ პოზიციას, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში სეპარატისტული რეჟიმების მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკას უპირობოდ უჭერს მხარს.
“საელჩოს მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, აფხაზების პროტესტის მიუხედავად, სტენდიდან ჩამოიხსნა აბრა „აფხაზეთის რესპუბლიკა“, სტენდზე დარჩა მხოლოდ რუქა, რომელზეც აფხაზეთი გამოყოფილია, როგორც რეგიონი. ასევე, დროულად მოხდება ინფორმაციის ჩასწორება საიტზეც. ტურიზმის სალონის დირექტორმა კი, ორგანიზატორების სახელით ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღნიშნულმა ინციდენტმა პოლიტიკური პრობლემა არ შექმნას. საქართველოს საელჩომ მიმართა სავაჭრო სამრეწველო პალატასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა მომავალში აღარ განმეორდეს მსგავს სალონებში, რუსეთის ფედერაციის ხელშეწყობით აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა”,-ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, პარიზის ტურიზმის მსოფლიო სალონზე, აფხაზეთი წარმოდგენილი იყო სტენდზე აბრით, “აფხაზეთის რესპუბლიკა”, ხოლო სალონის ინტერნეტ-გვერდზე მოხსენიებულ იყო, როგორც რუსეთის ფედერაციის ნაწილი, დამოუკიდებელი ქვეყანა.
banner
წინა სტატიაშისამების საკათედრო ტაძარი ხანძრის შემდეგ პრემიერმინისტრმა მოინახულა
შემდეგი სტატიაიტალიაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლობის გახსნის შესახებ ინფორმაციას ელჩი სისულელეს უწოდებს