სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ყოფილი პრეზიდენტი შეიწყალა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნ ჯე ინმა ყოფილი პრეზიდენტი, პაკ კინ ჰე შეიწყალა, რომელსაც კორუფციის გამო 22 წელი მიუსაჯეს.

პაკ კინ ჰე 2018 წელს გაასამართლეს, ერთი წლით ადრე კი იმპიჩმენტი გამოუცხადეს. ის ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული პირველი ლიდერი იყო, რომელიც თანამდებობას ჩამოაშორეს. ყოფილი პრეზიდენტის კორუფციულმა სკანდალმა კი სამხრეთ კორეაში მრავალრიცხოვანი აქციები გამოიწვია.

როგორც კორეული გამოცემა Yonhap წერს, პაკ კინ ჰე პრეზიდენტის საახალწლო ამნისტიის სიაში გაუარესებული ჯანმრთელობის გამო მოხვდა. მიმდინარე წელს ის სამჯერ გადაიყვანეს კლინიკაში.

შეწყალების გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, რადგან მანამდე პრეზიდენტმა მუნ ჯე ინმა მსგავსი ნაბიჯი გამორიცხა.

2018 წელს პაკ კინ ჰე 18 წარდგენილი ბრალიდან 16-ში დამნაშავედ ცნეს, უმრავლესობა რომელთაგან ქრთამის აღებასა და იძულებას ეხებოდა.

სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტი გაურიგდა თავის ახლო მეგობარ ჩოი სუნ სილს, რათა ზეწოლა მოეხდინა კონგლომერატებზე, როგორიცაა Samsung და Lotte, შედეგად კი მათ მილიონები გადაერიცხათ ფონდებში, რომელსაც ჩოი სუნ სილი მართავდა. გარდა ამისა, ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავედ ცნეს თავისი მეგობრისთვის კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემაში.

ყოფილი ლიდერი ყველა ბრალდებას უარყოფდა. თავდაპირველად მას 30-წლიანი პატიმრობა და 20 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა მიუსაჯეს, თუმცა მოგვიანებით უზენაესმა სასამართლომ ჯარიმაც და თავისუფლების აღკვეთის წლებიც შეამცირა.

წინა სტატიაშიაშშ – თუ მოსკოვი უკრაინას თავს დაესხმება, რუსეთის საზღვრებთან NATO-ს მეტი ძალები განთავსდება
შემდეგი სტატიაგლდანში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა