სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს დაკავებულ უფროსს ზაზა სურმავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურა ნარკოტიკული დანაშაულისა და ქრთამის აღებისთვის ბრალდებულ სურმავასთვის პატიმრობის, ხოლო დაცვის მხარე 3000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

მოსამართლემ დაცვის მხარის არგუმენტები არ გაიზიარა და სურმავა პატიმრობაში დატოვა.

ზაზა სურმავა ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და ქრთამის გამოძალვის ფაქტზე გუშინ დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში დახმარების და დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვის ფაქტზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი ზაზა სურმავა დააკავა.

აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 24-262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით), სსკ-ს 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე) და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 11-დან 15 წლამდე)“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისანდრა რულოვსი: „ოთხი წელი, მიშა ქვეყანაში არაა და „ოცნებას“ ხელს არავინ უშლიდა, რომ საქმე ეკეთებინა!“
შემდეგი სტატიავახტანგ ყოლბაია საოკუპაციო რეჟიმის მიერ პატიმრობიდან გათავისუფლებულ რუხში მცხოვრებ ემზარ მატკავას და ლევან მორგოშიას შეხვდა