“ქვეყანას, რომელიც მზად არის, რომ მიიღონ ნატო-ში, სჭირდება იმის ცოდნა, რომ მას იქ მიესალმებიან”

“The Wall Street Journal”-ში თვდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის წერილი- “Georgia Is Waiting for a Signal From the West” დაიბეჭდა.

წერილში მინისტრი აღნიშნავს, რომ ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოითხოვს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისგან გაბედულ გადაწყვეტილებებს ვარშავის სამიტზე, რომელიც მომავალი წლის ივლისში გაიმართება.

“ქვეყანას, რომელიც მზად არის, რომ მიიღონ ნატო-ში, სჭირდება იმის ცოდნა, რომ მას იქ მიესალმებიან. მართალია, საერთაშორისო საზოგადოება სამართლიანად უთმობს უდიდეს ყურადღებას სირიის კონფლიქტს, მნიშვნელოვანია, რომ ევროპამ არ დაივიწყოს თავის საზღვრებთან ახლოს უსაფრთხოების საკითხები. რუსეთმა ჯერ კიდევ არ შეასრულა უკრაინასთან დაკავშირებით მინსკის შეთანხმების პირობები, რომელსაც ხელი მოაწერა თებერვალში და დღესაც მხარს უჭერს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებს საქართველოს კუთვნილ ტერიტორიებზე. რუსეთის უკანონო მოქმედებები სამხრეთ კავკასიის სხვა რეგიონებზეც ვრცელდება.

ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოითხოვს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისგან გაბედულ გადაწყვეტილებებს ვარშავის სამიტზე, რომელიც გაიმართება მომავალი წლის ივლისში. ნატო-მ ან უნდა მიიღოს გაწევრების სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის, ანდა განაცხადოს, რომ ეს გეგმა საერთოდ არ არის საჭირო გაწევრებისთვის. რუსეთს არ უნდა მიეცეს ვეტოს უფლება ატლანტიკურ ალიანსში დემოკრატიული ქვეყნების შესვლაზე.

გასულ კვირას თბილისში გამართულ უსაფრთხოების სხდომაზე ყველა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოში განხორციელებული რეფორმები და ჩვენი ქვეყნის როლი, როგორც უსაფრთხოების მნიშვნელოვანი მხარდამჭერისა. ჩემმა ქვეყანამ ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ნატო-ს ავღანეთის მისიაში და დღესაც 870 ქართველი მებრძოლი ემსახურება ამ მისიას.

გარდა ამისა, საქართველო მხარს უჭერს ევროკავშირის სამშვიდობო მისიებს. შარშან ჩვენ სიდიდით მეორე ქვედანაყოფები გავაგზავნეთ ევროკავშირის ხელმძღვანელობით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში განხორციელებულ მისიაში მონაწილეობის მისაღებად. გარდა ამისა, საქართველოში გაიხსნა ნატო-ს ახალი სასწავლო ცენტრი”, – აცხადებს მინისტრი.

მისი თქმით, საქართველოს უსაფრთხოება ეფუძნება თანამონაწილეობისა და პარტნიორობის პრინციპებს.

“მსოფლიო სულ უფრო მეტ ურთიერთკავშირს მოითხოვს და ჩვენც უფრო მჭიდრო ურთიერთმოქმედება გვჭირდება. ჩვენ ჩვენს ნაჭუჭში ვერ ჩავიკეტებით და თავს ვერ მოვიტყუებთ, რომ მსოფლიოს სხვა კუთხეებში მიმდინარე კონფლიქტები ჩვენ არ გვეხება. დღევანდელ მსოფლიოში კი, სადაც ძალაუფლება ბევრად უფრო დანაწევრებულია, გლობალურ უსაფრთხოებას მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევა თუ უზრუნველყოფს. ვერც ერთი ქვეყანა, ამერიკაც კი, მარტო ვერ უზრუნველყოფს გლობალურ უსაფრთხოებას.

პარტნიორობა ქართულ გენშია. სწორედ ამიტომაც არის, რომ ჩვენ ვიღწვით ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. მაშინ, როდესაც ევროპა დგას აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან მომავალი საფრთხეების წინაშე, საქართველო მზად არის, წვლილი შეიტანოს კონტინენტზე სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში და თავისი ტერიტორია აქციოს სტაბილურობის ოაზისად ჩვენს არასტაბილურ რეგიონში”, – აღნიშნულია წერილში.

ხიდაშელის თქმით, სულ რაღაც ოცი წლის წინ საქართველო იყო იზოლირებული ქვეყანა, სამოქალაქო ომის ქარცეცხლში გახვეული, სულ ორიოდე მოქმედი დემოკრატიული ინსტიტუტით. დღეს კი მიაღწია რადიკალურ პროგრესს, რასაც ხაზს უსვამს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა.

“როგორც ევროპის ნაწილი, საქართველო უზრუნველყოფს მშვიდობასა და სტაბილურობას, რომელიც მხოლოდ სარგებელს მოუტანს ჩვენს მეზობლებსა და გააძლიერებს უსაფრთხოებას. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ უსაფრთხოება შეუძლებელია დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის გარეშე. საქართველოს მთავრობა ასევე აცნობიერებს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და მედიის თავისუფლების მნიშვნელობას. სწორედ ამიტომაც, ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენ პრიორიტეტად ვაქციეთ დამოკრატიული რეფორმები, შარშან მიღებული ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიისა და ანტიდისკრიმინაციული კანონის ჩათვლით.

სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოსაც აქვს საშინაო პრობლემები, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არის ერთსულოვნება ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მისაღწევად აუცილებელი ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრირების პროცესის გასაღრმავებლად. ნატო-ს უკანასკნელ სამიტზე, უელსში, ალიანსმა მხოლოდ მოკრძალებული ჯილდო შესთავაზა საქართველოს ჩვენი ძალისხმევის სანაცვლოდ. დღეს კი საქართველო უდავო ლიდერია და მაგალითია იმისა, თუ რა სიმაღლეებს შეიძლება მიაღწიოს დასავლეთმა ეგრეთ წოდებული რბილი ძალის მეშვეობით. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეუქცევადია. დღეს ჩვენი მოქალაქეები ელიან მკაფიო სიგნალს ნატო-სგან, რომ ჩვენი მომავალი სწორედ ალიანსშია. ვარშავის სამიტის შემდეგ აღარ უნდა იყოს შუალედური ნაბიჯები საქართველოსა და ნატო-ს შორის”, – აღნიშნულია თავდაცვის მინისტრის წერილში, რომელიც “The Wall Street Journal”-ში გამოქვეყნდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში მოსახლეობის რიცხოვნობა 3 729.500-მდე შემცირდა
შემდეგი სტატიათემო მურვანიძის ვარაუდით, გვარამიას და მის „მეგობარ რევოლუციონერებს“ ეჭვმიტანილის სტატუსი მიენიჭებათ