პროკურატურა დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებისთვის პატიმრობას შეფარდებას ითხოვს

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საგანგებო განცხადება გაავრცელა

პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს დამამძიმებელ გარემოებებში დედის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულისა და აღნიშნულ საქმეზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით მიმართა.

მთავარი საგამოძიებო უწყება ხუთივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა. უწყების ინფორმაციით, 70 წლამდე ქალის მკვლელობა „რიტუალური მკვლელობა” იყო.

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ირმა ყ., 1993 წელს დაბადებული ბექა შ. და 1999 წელს დაბადებული ნინა ჩ. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, ხოლო 1994 წელს დაბადებული ავთანდილ ა. და 1993 წელს დაბადებული დათა კ. – ამავე მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ სამმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, რასაც წინ უძღოდა დედა-შვილს: ირმა ყ.-სა და ლუბა ყ.-ს შორის წარმოქმნილი უთანხმოება და დაპირისპირება, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ამავე მისამართზე მცხოვრები, ბრალდებულ ირმა ყ.-ს დედა – 1940 წელს დაბადებული ლუბა ყ. ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ – გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულებმა გარდაცვლილი ლუბა ყ.-ს ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შ.-ს ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს.

banner
წინა სტატიაშიდედის მკვლელობაში ბრალდებულის მეზობლები: ამბობენ, გამოძიებისთვის უთქვამს, დედის მერე მამაც უნდა მომეკლაო
შემდეგი სტატიადედის მკვლელობა – ბრალდებულები, სავარაუდოდ, დანაშაულის მომენტს ტელეფონით იღებდნენ