ნინო ნიჟარაძის უკან დგას ხელისუფლება და მიზანი არის „რუსთავი2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა

მიზანი არის „რუსთავი2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა და ეს პირველ რიგში ეხება იმ ადამიანს, ვინც არის ამ სარედაქციო პოლიტიკის გარანტი, ეს ყველაფერი მეხება მე, – ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. გვარამიას ინფორმაციით, ახალი სარჩელი არხის წინააღმდეგ მიმართულია იქითკენ, რომ კომპანია გაკოტრებისკენ წავიდეს და ის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა იყიდოს.

“მაინც დაველოდოთ სარჩელს, მაგრამ მთავარი მოთხოვნა, რომელიც იქნება წამოყენებული, ჩვენი წინმსწრები ინფორმაციით, იქნებოდა წამოყენებული, ეს არის დირექტორის უფლებამოსილების შეჩერება. რაც ბევრჯერ სცადა ქართულმა სასამართლომ, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნით, მაგრამ სტრასბურგის სასამართლოს გამო ეს ვერ მოხერხდა. ამჯერადაც მიმართულება აღებულია აქეთ, ამიტომ ვარ ჩართული მე მოპასუხედ. მეტსაც გეტყვით, რომ ეს მოთხოვნა ამ სარჩელში იყო, უბრალოდ, ბოლო წუთში იქნა ამოღებული. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ინფორმაცია, სარჩელში მოთხოვნა ამოღებულია, მაგრამ ბაჟის გადახდის მტკიცებულება ჩარჩენილია. მიზანი არის ერთადერთი ამ აბსურდული დავის. ეს არის “რუსთავი 2”-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა და ამ ქვეყნის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური არხის გაჩერება, დროებითი მენეჯმენტის დანიშვნა, საქმის წაყვანა გაკოტრებისკენ და შემდეგ შეძენა ბიძინა ივანიშვილის მიერ,“-აცხადებს ნიკა გვარამია.

მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ მას სწორედ საქმის გაკოტრებისკენ წაყვანა შესთავაზეს, რაზეც უარი განაცხადა. ნიკა გვარამია ადასტურებს,რომ არსებობს დავალიანება, რომელსაც კომპანია 2016 წლის სექტემბრიდან არ იხდის. მანამდე კი გადასახადების სრულად გადახდა ხდებოდა, მათ შორის ყადაღის დადებიდან წელიწადნახევრის განმავლობაში. ამას გარდა, ნიკა გვარამიას განცხადებით, არავის უთქვამს, რომ გადასახადების გადახდას არ აპირებენ, დავა მიმდინარეობს სტრასბურგში, რადგან კომპანიის ხელმძღვანელობა თვლის,რ ომ გადასახადები კანონიერად არ არის დადებული.

ნიკა გვარამიას თქმით, მოდავე არის არხის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლე,რომელმაც გეგეშიძის გარდაცვალების შემდეგ კომპანიის წილი მიიღო.

„ამ ქალბატონის მხრიდან სხვადასხვა ტიპის მცდელობები იყო და ამ ქალბატონის უკან დგას ხელისუფლება ცხადია და მისი წილი მართვაში გადაცემული აქვს ხელისუფლების ხელის ბიჭს “რიჟას”. ამის უკან დგას კახა ბექაური, რომელმაც ვერაფერი უქნა ამ არხს იმის მიუხედავად, რომ დაანგრია სარეკლამო ბაზარი. შეგახსენებთ, რომ “ტელეიმედიც” არ იხდის გადასახადებს , რატომ არ იხდის არავინ იცის. ჩვენს შემთხვევაში თუ ეს გასაგებია,რომ ხელისუფლების წნეხია და სტრასბურგის სასამართლოს შეჩერება აქვს გამოტანილი, “ტელეიმედი” რატომ არ იხდის გადასახადებს არავინ იცის, რა ლეგიტიმური საფუძველი არსებობს ამისთვის,“-აცხადებს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიდაიწყო “რუსთავი 2”-ზე შეტევის ახალი ფაზა და რა თქმა უდნა ეს ფაზა იქნება უკანასკნელი და გადამწყვეტი
შემდეგი სტატიავენესუელამ რუსი სამხედრო კონტიგენტის გაზრდის შესახებ თანხმობა განაცხადა