მიშელი – ჩვენ ერთად აღვადგენთ თანამედროვე, დემოკრატიულ უკრაინას, რომელიც მზად არის, დაიკავოს თავისი ადგილი ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახში

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლონეთში, დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინელი ლტოლვილებისთვის თავშესაფრის მიცემის გამო, პოლონეთს მადლობა გადაუხადა.

შარლ მიშელმა უკრაინის მტკიცე მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა შვედეთსაც.

„პოლონეთში თქვენ ახორციელებთ სოლიდარობის ძლიერ ოპერაციას, როდესაც თავშესაფარს აძლევთ სამ მილიონზე მეტ უკრიანელ ლტოლვილს და მოქმედებთ, როგორც ჰაბი უკრაინის შიგნით უკრაინელების მხარდასაჭერად. შვედეთი კი ლტოლვილების მხარდაჭერით და უკრაინისთვის მტკიცე მეგობრად ყოფნით ყოველთვის აკეთებდა საკუთარ წილზე მეტს. მინდა, პირადად გადაგიხადოთ მადლობა ამისთვის თქვენ და თქვენს მოქალაქეებს. რამდენიმე კვირის წინ ზელენსკისთან განვიხილეთ უკრაინის მხარდასაჭერად სოლიდარობის ფონდის იდეა და მარტში, ევროპული საბჭოს ბოლო შეხვედრაზე, ჩვენ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ფონდი. ეს არის უკრაინისადმი მხარდაჭერის კონკრეტული გამოხტავა გარე დონორების დახმარებითა და მხარდაჭერით“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის მიმართ ევროკავშირის სოლიდარობის ძალისხმევა სამ საკვანძო სფეროზე იქნება ფოკუსირებული, მათ შორის ჰუმანიტარულ მხარდაჭერაზე. შარლ მიშელი ამბობს, რომ მეტი უნდა გააკეთონ, რათა უკრაინას პრაქტიკული დახმარება გაუწიონ.

„ჩვენი სოლიდარობის ძალისხმევა ფოკუსირებული იქნება სამ საკვანძო სფეროზე – ჰუმანიტარული მხარდაჭერა, ლიკვიდობის მოკლევადიანი საჭიროებები და რეკონსტრუქცია. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ახლა, რათა რეაგირება მოვახდინოთ უკრაინელი ხალხის ამჟამინდელ ტანჯვაზე როგორც უკრაინის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამიტომ ნომერ პირველი პრიორიტეტია ჰუმანიტარული ქმედებებისთვის ფულის მობილიზება. კიდევ ერთი სასწრაფო საჭიროება არის ლიკვიდობა. უკრაინას სჭირდება მნიშვნელოვანი დაფინანსება, რომ შეინარჩუნოს სახელმწიფოს მუშაობა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, დაახლოებით ხუთი მილიარდი ევრო თვეში. ჩვენ შევაგროვეთ და გამოვყავით მიკროფინანსური დახმარება ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად, თუმცა ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ ამაზე. ჩვენ უნდა გავაკეთოთ მეტი, რათა მყისიერი პრაქტიკული დახმარება აღმოვუჩინოთ ახლა, რათა უზრუნველვყოთ, რომ ექთნები, ექიმები, მასწავლებლები შეძლებენ სამუშაო ანაზღაურების დროულად მიღებას და უკრაინა შეძლებს ფუნქციონირების გაგრძელებას“, – აღნიშნა მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა უკრაინის მოსახლეობა, ბრძოლის ველზე მყოფი სამხედროები გაამხნევა.

„მსურს, იმედისა და გამხნევების პირადი გზავნილი გადავცე ყველა უკრაინელს, ბრძოლის ველზე მყოფ სამხედროებს, ყველა უკრაინელს, რომელიც მხარს უჭერს ომის ძალისხმევას და მილიონობით ადამიანს, რომელიც ომს გაექცა სახლებიდან. ჩვენ დაგეხმარებით თქვენი ქვეყნის, ეკონომიკის, სახლების, სკოლების, კომპანიების, უსაფრთხო და აყვავებული უკრაინის მომავლის აღდგენაში რეკოსნტრუქციის დაფინანსებითა და აუცილებელი რეფორმებით. ეს არ არის გრძელვადიანი თეორიული ხედვა, სადაც შენება იწყება დღეს. ჩვენი სოლიდარობის ფონდის ქვაკუთხედი არის სწორედ სიტყვა ნდობა. ჩვენ ვენდობით უკრაინას და ჩვენი ძალისხმევა დღეს და ახლა ასახავს ამ ნდობას. ერთად ჩვენ აღვადგენთ თანამედროვე, აყვავებულ და დემოკრატიულ უკრაინას, ქვეყანას, რომელიც სავსეა თავდაჯერებულობით და მზად არის, მიიღოს თავისი ევროპული მომავალი, დაიკავოს თავისი ადგილი ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახში. ჩვენ ასევე უნდა დავრწმუნდეთ, რომ თითოეული ევროდან მაქსიმუმს მივიღებთ და ევროკავშირი არის საუკეთესო ადგილი თქვენი ძალისხმევის მხარდასაჭერად, რომ რეკონსტრუქცია დააკავშიროს რეფორმებთან, რომლებიც უკრაინის ტრანსფორმაციას მოახდენს.

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ევროპული გზის არჩევანს. უკრაინელო ხალხო, ნიჭიერო, უნარიანო და შრომისმოყვარულო, თქვენ საუკეთესოდ იცით, რა სჭირდებათ თქვენს მოქალაქეებს თქვენს ქალაქებსა და რეგიონებში. ჩვენ ვიქნებით თქვენ გვერდით, რომ შემოგთავაზოთ პრაქტიკული, კონკრეტული, ოპერაციული გამოცდილება და ჩვენი სრული მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ, ჩვენ სრულად ვიზიარებთ თანამედროვე და პროგრესული უკრაინისთვის პრეზიდენტ ზელენსკის ამბიციურ ხედვას, რომელშიც მონაწილეობს ადგილობრივი ლიდერები, მოქალაქეები. ევროკავშირის ქალაქებისა და რეგიონების უკრაინის ქალაქებთან და რეგიონებთან პარტნიორობის მისი კონცეფცია არის შესანიშნავი იდეა. ის ახალ სიცოცხლეს შესძენს ომის შედეგად დაზარალებულ რაიონებში. ახლოვდება 9 მისის ევროპის დღე, თარიღი, როდესაც უნდა გვახსოვდეს მშვიდობა და ერთიანობა მეორე მსოფლიო ომის საშინელებების შემდეგ. ჩვენ ასევე გვახსენდება მარშალის გეგმა, რომელიც გამანადგურებელი ომის შემდეგ დაეხმარა ევროპის აღდგენაში და ეკონომიკის ფეხზე დაყენებაში. დღეს, როდესაც ჩვენ კვლავ ვხედავთ ომის გამანადგურებელ შედეგებს ევროპულ მიწაზე, უკრაინაში, მტკიცედ მჯერა, რომ ეს სოლიდარობის ფონდი შეიძლება იყოს და უნდა იყოს ამ საუკუნის ევროპის მარშალის გეგმის დასაწყისი, უკრაინის განახლებისა და რეკონსტრუქციისთვის სოლიდარობის, ევროპის კეთილდღეობისა და ტრანსატლანტიკური ალიანსის მამოძრავებელი“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

პოლონეთში, დონორთა საერთაშორისო კონფერენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობს.

banner
წინა სტატიაშივოლსკი – “ნაცმოძრაობაში“ არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ არ ჩამოყალიბდნენ როგორც „ზონდერ ჯგუფი“
შემდეგი სტატიაიან ლიპავსკი – ჩეხეთი მზად არის, წარადგინოს პროგრამა უკრაინისთვის, რომელიც მიზნად ისახავს მოლდოვისა და საქართველოს მდგრადობასაც