მინსკის “აღმოსავლეთ პარტნიორობიდან” გასვლას ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა უპასუხა

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ლუკაშენკოს გადაწყვეტილებას, ბელორუსმა ევროკავშირის ინიციატივა “აღმოსავლეთ პარტნიორობა” დატოვოს, “ნაბიჯი უკან” უწოდა და თქვა, რომ ევროკავშირი მზად არის ბელორუს ხალხს მომავალშიც გაუწიოს მხარდაჭერა.

“ბელორუსმა ერთი ნაბიჯი უკან გადადგა, როცა “აღმოსავლეთ პარტნიორობაში” მონაწილეობა შეაჩერა. ეს გააძლიერებს დაძაბულობას და ბელორუსი ხალხისთვის მას ნეგატიური შედეგები ექნება იმ შესაძლებლობების წართმევით, რასაც ჩვენთან თანამშრომლობა აძლევდა” – ევროსაბჭოს პრეზიდენტმა თქვა.

“მივმართავ ბელორუს ხალხს: თქვენ შეგიძლიათ ევროკავშირის იმედი გქონდეთ. ჩვენ თქვენს მხარდაჭერას, სოლიდარობას და პრაქტიკულ დახმარებს გავაგრძელებთ. ჩვენ შეგახსენებთ თქვენი უფლების შესახებ, აირჩიოთ პრეზიდენტი ახალ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე. პრეზიდენტ ლუკაშენკოს რეჟიმს მოვუწოდებ: პირველ ადგილზე ბელორუსის კეთილდღეობა დააყენეთ”- დაწერა შარლ მიშელმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროკავშირის სანქციებზე პასუხად, ბელორუსმა ევროკავშირის ინიციატივაში “აღმოსავლეთ პარტნიორობა” მონაწილეობა შეაჩერა. “ჩვენ აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში საკუთარ მოვალეობებს ვერ შევასრულებთ ევროკავშირის სანქციებისა და შეზღუდვების ფონზე. ღრმა მწუხარებით ვაცხადებთ, რომ შეთანხმების იძულებითი შეჩერება ნეგატიურად აისახება ევროკავშირზე არალეგალურ მიგრაციასთან და ორგანიზებულ დანაშაულებებთან ბრძოლის სფეროში” – განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც 28 ივნისს ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშიგელათში უცხოელმა ექსპერტებმა მუშაობა დაასრულეს
შემდეგი სტატიაჟოზეფ ბორელი – ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთის მეზობელი ქვეყნების მხარდაჭერას