მესამე მსოფლიო ომი მიდის, ცივილიზაციულ ომშია უკრაინა ჩართული და შენ ამ ქვეყანას აყვედრი ჩასვლას – გიგი უგულავა პაპუაშვილის ბუჩაში ჩასვლაზე

მესამე მსოფლიო ომი მიდის, ცივილიზაციულ ომშია უკრაინა ჩართული და შენ ამ ქვეყანას აყვედრი ჩასვლას, – ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა უკრაინის შეთავაზებას პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბუჩაში ჩასვლასთან დაკავშირებით.

როგორც უგულავა აღნიშნავს, უკრაინას მხოლოდ თანადგომა სჭირდება.

„როცა ხელისუფლება გარცხვენს, ჩვენ უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, რომ მათი გაყალბებული არჩევნებით და ციფრებითაც კი, ბოლო ორ არჩევნებზე, „ქართული ოცნება“ ხალხის სახელით არ და ვერ ილაპარაკებს, ხალხის სახელით შეიძლება ილაპარაკოს ძალამ, რომელიც მინიმუმ, 50%-ზე მეტს იღებს და „ქართულ ოცნებას“ ეს არ მიუღია. ხელისუფება გვარცხვენს, მაგრამ ჩვენ გავაცნობიერთოთ საზოგადოებამ, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა, საზოგადოების უმრავლესობის სახელით „ქართული ოცნება“ ვერ უნდა ლაპარაკობდეს, მათ შორის, მათივე ციფრების მიხედვით. თუ გვარცხვენს პაპუაშვილი, შევეცადოთ საზოგადოებამ გამოვასწოროთ ის, თუ გვარცხვენს კობახიძე, შევეცადოთ ჩვენ, საზოგადოების, საქართველოს სახელით, გამოვასწოროთ ის. იგივე ეხება პაპუაშვილს, რა მნიშვნელობა აქვს, რა დავაც არ უნდა იყოს, მესამე მსოფლიო ომი მიდის და ცივილიზაციულ ომშია უკრაინა ჩართული და შენ ამ ქვეყანას აყვედრი ჩასვლას და იმ ადგილის ნახვას. მომდევნო ათწლეულები და მომდევნო საუკუნეები, თუ სტუმრად ვინმე ჩავა, ბუჩაში აუცილებლად მივა. ის ადამიანები ერთადერთს ითხოვენ ჩვენგან, არც შეიარაღება, არც 400 ტონა საჩუქრები, ღარიბაშვილს, რომ დაუთვლია, არ უთხოვიათ, ერთადერთი რამე მოითხოვეს – თანადგომა. ხომ თითქოს არაფერია, 400 ტონა ტვირთი უფრო მეტია, ვიდრე სამიცენტნერი დეპუტატები რომ ჩავლენ ბუჩაში, მაგრამ ის 4 კაცის ჩასვლა უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის სოლიდარობა და თანადგომა“, – განაცხადა უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა 9 აპრილის მონაწილე, მომღერალი ლელა ვეფხვაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა
შემდეგი სტატიაბუჩაში ხალხს თვალებს წვავდნენ, სხეულის ნაწილებს კვეთდნენ, ბავშვებს აწამებდნენ – დენისოვა