მარინა ეზუგბაია: ინფექციურ საავადმყოფოში ​კორონავირუსზე ტესტი 14 პირს ჩაუტარდა და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში ​კორონავირუსზე ტესტი 14 პირს ჩაუტარდა და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.

როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევიდან თბილისის ინფექციურში არც ერთი არ არის მოთავსებული.

ამასთან, ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში „კოვიდ 19“-ით გამოჯანმრთელდა 18 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვია.

„დღეს დილის მონაცემებით, ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევები გვაქვს 90. გუშინ დაგვემატა ხუთი შემთხვევა, აქედან ჩვენს ცენტრში არ არის არც ერთი.

გუშინ ჩვენთან ორ ეტაპად ჩატარდა ტესტირება და გაკეთდა 14 პაციენტზე ტესტირება. ყველა მათგანთან პასუხი იყო უარყოფითი. განმეორებით ჩატარებული ტესტით კი ორ პაციენტთან უარყოფითია პასუხი და ისინი დატოვებენ დღეს კლინიკას. ქვეყანაში გუშინ იყო 16 გამოჯანმრთელებული, აქედან 15 იყო ჩვენი, ამას დაემატება ორი და ჩვენთან გამოჯანმრთელებული პაციენტი იქნება 17. გაგეხარდებათ, ამ 17-დან ორი ბავშვია. ხუთი ბავშვი, რომელიც ჩვენს ცენტრში იყო მოთავსებული, ერთმა წინა დღეებში დატოვა და სულ გამოგვივა, რომ დაგვრჩება სამი, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მთლიანობაში ქვეყანას ჰყავს 18 გამოჯანმრთელებული“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, მათთან მოთავსებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„ჩვენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. ის ორი კრიტიკული პაციენტი, რომელიც გვყავს, მათი მდგომარეობა უცვლელია, უბრალოდ ერთთან, 80-ს გადაცილებულ პაციენტთან თითქოს შეინიშნება სტაბილიზაცია და თუ ეს შეგვინარჩუნდება კარგია, მაგრამ ამის თქმა პროგნოზულად კატეგორიულად ვერ მოხდება. მეორე პაციენტის მდგომარეობა თითქოს დღეს დილისთვის არ გაუარესებულა მკვეთრად, იმედი გვაქვს, რომ თუ ასე შევინარჩუნებთ მის მდგომარეობას მერე ვისაუბრებ პროგნოზზე და გამოსავალზე.

90 დადასტურებული შემთხვევიდან 46 ჩვენი პაციენტია. დანარჩენი 44 კოვიდის მიმღებ ექვს დაწესებულებაში არიან მოთავსებულები. ამ ჩვენი 46 პაციენტიდან 15 უკვე წასულია და ორი ემზადება წასასვლელად“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ბავშვი გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიარატომ ზუგდიდი?!-ელისო კილაძე facebook პოსტს ავრცელებს