მარინა ეზუგბაია : არსებული მონაცემები არის სწორი, ეს სტატისტიკა ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა

რატომ უჩნდება კითხვები ტელეჟურნალისტების ნაწილს, რომ ეს არ არის სწორი მონაცემები, არ ვიცი, ასე მგონია, სურვილი აქვთ, რომ მართლა მეტი იყოს. სინამდვილეში, არსებული მონაცემები არის სწორი, ეს სტატისტიკა არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ეზუგბაიამ აგრესიულ ტესტირებასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ მის მიერ გაკეთებული განცხადება განმარტა.

ამასთან, ეზუგბაიას თქმით, გაუგებარია, რატომ ჩნდება ეჭვი მონაცემების გაყალბებაზე, რადგან სტატისტიკური მონაცემების ყალაბება ვერ შეაჩერებს იმ პროცესებს, რაც არის კოვიდ დაავადებული პაციენტების მკვეთრი მატება და მასთან დაკავშირებული პრობლემები.

ეზუგბაია მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ყველა ჯერზე სწორი, ადეკვატური ნაბიჯები გადადგა.

„ეს იყო ჩემი სურვილი, რატომ იგებს ადამიანების ნაწილი ამას ისე, როგორც ფაქტს, მე არ ვიცი, მაგრამ მე გამოვხატე ჩემი სურვილი, რომ ქვეყანას თუ არ დასჭირდება განმეორებით და ხშირად აგრესიული ტესტირება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან დაავადების გავრცელება იქნება ისევ ზომიერი და კონტროლირებადი, მე განმარტება გავაკეთე ამ მოცემულობასთან მიმართებაში. ვინ როგორ გაიგო არ ვიცი, მაგრამ განმარტებას გავაკეთებ, ჩინეთიდან ჩამოფრენილი პაციენტები ჩვენს ცენტრში პირველად მოვიდნენ პირველ თებერვალს, პირველი თებერვლიდან დაიწყო ბრძოლა ამ პრობლემის წინააღმდეგ და სახელმწიფო, ანუ მთავრობა და ჯანდაცვის სამსახური თვისი შესაბამისი სამსახურებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და თავდაპირველად მხოლოდ ჩვენი ცენტრი ეწეოდა ერთობლივად, როგორც ერთი ორგანიზმი, მუშაობას და პირველი ეტაპი, რასაც ჰქვია შეკავების პერიოდი, შესაშური შედეგებით დამთავრდა და სტატისტიკური მონაცემები იყო საკმაოდ დაბალი. რატომღაც ყოველთვის ეჭვები იქმნება, რომ სტატისტიკური მონაცემები გაყალბებულია და ეს ასე არ არის, იმიტომ რომ გაყალბება ვერასდროს შეაჩერებს იმ პროცესებს, რასაც ჰქვია კოვიდ დაავადებული პაციენტების მატება და მასთან დაკავშირებული ყველა ეს პრობლემა. შევხედოთ ევროპის ქვეყნებს და ვნახოთ რა მდგომარეობაში არიან. შეკავების პერიოდი ჩვენ და ამ სტრუქტურებმა ერთად დავამთავრეთ და როცა დაგვეწყო შიდა გავრცელება, რომელიც ძალიან რთული მოსაგვარებელი იყო, სახელმწიფომ ადეკვატური ნაბიჯები გადადგა ყველა ჯერზე და ის აღკვეთის ღონისძიებები, რაც განხორციელდა, აბსოლუტურად ადეკვატური იყო, მოქალაქეების მაღალი პასუხისმგებლობაც შესაბამისად მიყვებოდა ამ სიტუაციას“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა : მადლობა „საქართველოს ფოსტის“ თანამშრომლებს ასეთ მნიშვნელოვან დროს ქვეყნისა და თანამოქალაქეების გვერდში დგომისთვის
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 115 ფაქტი გამოავლინა