მაკა სოლოღაშვილი : თუ ასეთი ტემპით წავიდა ინფიცირებულთა ზრდა, აღჭურვილობა დაახლოებით 10 დღის განმავლობაში გვეყოფა

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა.

როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა, ამ დროისთვის კლინიკაში არის 22 დადასტურებული შემთხვევა.

“ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა ერთით. დღეს არის 22 დადასტურებული დიაგნოზი. ბოქსირებულ ნაწილში სულ მკურნალობს 51 პაციენტი, აქედან 18 წლამდე ასაკის არის 7.

13 პაციენტი ჩაერთვება კვლევაში დღეს და ხვალ გვექნება პასუხები. 9 პაციენტი არის საყურადღებო.

სასულიერო პირის მდგომარეობა უცვლელია, სტაბილურად საყურადღებოა,” – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

მისი თქმით თქმით, ახალი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მას კორონავირუსი ოჯახის წევრისგან გადაედო.

“კონკრეტულად ახალ პაციენტზე გადადების წყარო ცნობილია. გადაედო ოჯახის წევრისგან. თუმცა უფრო შორს წყაროს ჯერჯერობით ვერ ადგენენ. ახალი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩვენთან მკურნალობს მისი ოჯახის წევრიც,”- აღნიშნა სონღულაშვილმა.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპისთვის კლინიკის აღჭურვილობა 10 დღის მარაგს შეადგენს.

“ყველაფერი დამოკიდებულია საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე. შესაძლებელია პროცესები ისე განვითარდეს, რომ არ გვეყოს არანაირი მარაგი. ამიტომ ძალიან გთხოვთ, ყველამ ვიფიქროთ იმაზე, რომ შეიძლება არ გვეყოს არც მედპერსონალი, არც ადგილები, არც ეკიპირება და დავდგეთ სერიოზული რისკების წინაშე. თუ ჩვენ კიდევ უფრო ავიმაღლებთ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას, ყველაფერი, საბედნიეროდ, გადაივლის ზედმეტი გართულებების გარეშე. ამიტომ დარჩით სახლში. ჩვენ ვიმუშავებთ და ვიზრუნებთ მაქსიმალურად თქვენი ჯანმრთელობისთვის.

თუ ასეთი ტემპით წავიდა ზრდა აღჭურვილობა დაახლოებით 10 დღის განმავლობაში გვეყოფა,” – განაცხადა სონღულაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმაკა სოლოღაშვილი : ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა ოჯახის წევრს უკავშირდება
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : ყველა მოზარდის და 9 თვის ბავშვის მდგომარეობაც სტაბილურია