ლევან რატიანი : პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ცხრა პაციენტი დატოვებს

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის 106 პაციენტი იმყოფება, მათგან 81 კორონავირუსით ინფიცირებულია.

ამასთან, დღეს კლინიკიდან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ცხრა პაციენტი ეწერება.

კლინიკის ექიმის ლევან რატიანის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიიდან ასევე რამდენიმე პაციენტის ტესტის პასუხს ელოდებიან.

„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 106 პაციენტი, აქედან ინფიცირებული რჩება 81 პაციენტი. დღეს კლინიკიდან კოვიდის გარეშე ეწერება ცხრა გამოჯანმრთელებული. პირველადად გაგზავნილი გვაქვს რამდენიმე ტესტის პასუხი და ველოდებით განმეორებითს. მთავარია, ჩვენი კლინიკიდან გაწერილი პაციენების რაოდენობა დღითიდღე იზრდება, რაც კიდევ ერთხელ გვახარებს“,- განაცხადა რატიანმა.

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობას, რატიანის თქმით, ამჟამად არც ერთ მათგანთან უარყოფითი კლინიკა არ ვლინდება.

„რაც შეეხება დღეს არსებულ კლინიკურ მდგომარეობას, მინდა, გითხრათ, რომ არც ერთ პაციენტთან უარყოფითი კლინიკა არ ვლინდება. იცით, რომ გვყავდა რვა რეანიმაციის პაციენტი. აქედან ექვსი გვყავს ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ორი სპონტანურ სუნთქვაზეა. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბილური. ყველა მათგანი უარყოფითი კლინიკის გარეშეა, ზოგიერთ მათგანთან გამოხატულია დადებითი დინამიკა. ეს იმით ვლინდება, რომ გამარტივებულია ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია და მზადდებიან ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის მოხსნისთვის. იმედია, ეს მალე განხორციელდება“, – განაცხადა რატიანმა.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 168-ს შეადგენს, დადასტურებული შემთხვევების რიცხვი კი 517-ია.

banner
წინა სტატიაშისაჩხერის სამედიცინო ცენტრში ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატია“სუფთა სახლს” საქმიანობის უფლება აღუდგა