ჯინ შაჰინი – რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე დიდი თავდაცვა, შავი ზღვის რეგიონში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებია

ჯინ შაჰინი: საერთაშორისო საზოგადოება და აშშ ყურადღებით დააკვირდება ოქტომბრის არჩევნებს

სენატორი ჯინ შაჰინის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე დიდი თავდაცვა, შავი ზღვის რეგიონში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებია.

როგორც მან სენატში გამართულ მოსმენაზე აღნიშნა, ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა მოლდოვა, უკრაინა და საქართველო, უნდა გააგრძელონ რუსეთის ბოროტი აქტივობების უკუგდება, საჭირო დემოკრატიული რეფორმების გამყარებით, რათა ასახონ ხალხის ნება და დააახლოვონ ისინი ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან.

როგორც „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სენატორი შაჰინი იმასაც ამბობს, რომ ტრანსატლანტიკური გაფართოების თვალსაზრისით, რუსეთსა და დასავლეთს შორის, კონკურენციის ცხელი წერტილი შავი ზღვაა.

მისივე თქმით, რეგიონში რუსეთის აგრესიული ქმედებები, ნატოს გაფართოების შეჩერებას და შავ ზღვაზე კონტროლის გაზრდას ისახავს მიზნად.

„რეგიონში კონტროლის გასაძლიერებლად და მის სამხრეთ საზღვრებში ნატოს წარმომადგენლობის ასაცილებლად, რუსეთს აქვს ომისა და არალეგალური ტაქტიკის, აგრესიის გამოყენების ისტორია. 2008 წელს, რუსეთმა ომი დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ და არალეგალურად წაართვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები. 2014 წელს, რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია, გააღვივა სეპარატისტული აჯანყება დონბასის რეგიონში. ეს არის კონფლიქტი, რომელიც გრძელდება და ყოველდღიურად უდანაშაულო უკრაინელების სიცოცხლეს იწირავს“, – განაცხადა შაჰინმა.

შაჰინი მიიჩნევს, რომ რუსეთი მუდამ მზად იყო და კვლავ მზადაა, ნატოს გაფართოების შესაჩერებლად და შავ ზღვაზე კონტროლის გასაძლიერებლად, გამოიყენოს ეკონომიკური, სამხედრო და პოლიტიკური ძალა. მისი თქმით, რუსეთის ბოროტი ზრახვების მაგალითები, ნათლად იხილა ივნისში, უკრაინასა და საქართველოში ვიზიტისას.

„რუსეთის ბოროტი ზრახვები აშკარად გამოიკვეთა მიმდინარე წლის ზაფხულის დასაწყისში, როდესაც სენატორი მერფი და მე, უკრაინასა და საქართველოს ვეწვიეთ. ჩვენ ვიხილეთ რუსეთის მიერ მიმდინარე ბორდერიზაცია და საქართველოს წინააღმდეგ მტრული ქმედებები.

ტრანსატლანტიკურმა ალიანსმა, რომელიც 70 წელზე მეტია ინარჩუნებს მსოფლიო წესრიგს, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთის საომარი ქცევების საპასუხოდ, ყირიმის ანექსიის შემდეგ. ნატომ წარმატებით გაამყარა ჩვენი აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეების მხარდაჭერა. „Sea Breeze” არის ყოველწლიურ წვრთნები, რომელიც ნატოს მოკავშირეებისა და პარტნიორების მონაწილეობით იმართება და სოლიდარობის მნიშვნელოვან გზავნილს უგზავნის, ჩვენ შავი ზღვის მოკავშირეებს“, – აცხადებს სენატორი.

თუმცა, სენატორი მიიჩნევს, რომ შავი ზღვის საკითხებზე ნატოს პასუხი მეტ კოორდინაციასა და პოლიტიკურ ერთიანობას მოითხოვს, რადგან რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად გასაღები ტრანსატლანტიკური ურთიერთობებია.

წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება – სოფო ჯაფარიძე
შემდეგი სტატიაზუგდიდში ოპოზიციის აქციის დროს ენმ-ს წევრი, გუკა ქარდავა დააკავეს