ივანე ჩხაიძე – მოსახლეობის სულ მცირე 60% თუ აიცრება, საქართველოში პანდემია დასრულდება

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, წლის ბოლომდე საჭიროა ყოველდიურად 5 000-დან 6 000-მდე ადამიანის აცრა. თუმცა, მისივე განმარტებით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის დღიური მაჩვენებელი 1 000-ს შეადგენს.

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი აღნიშნავს იმასაც, რომ თუ იმუნიზაციის მაჩვენებელი ამ ტემპით გაგრძელდება, სამი წელი იქნება საჭირო, რათა სამიზნე – მოსახლეობის 60 პროცენტი აიცრას.

ივანე ჩხაიძე ხაზს უსვამს, რომ პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.

„გეგმის შესასრულებლად, პირველ რიგში, საჭიროა მოსახლეობის, და არამარტო მოსახლეობის, ალბათ, პირველ რიგში ჩვენ სამედიცინო საზოგადოებაზეც ვსაუბრობთ, დარწმუნება, რომ პანდემიის დამარცხების სხვა გზა არ არსებობს. ერთადერთი შესაძლებლობა არის ვაქცინაცია, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია, ველოდებოდით.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორი ვაქცინა გვაქვს და უახლოეს დღეებში ალბათ სამი გვექნება, მსურველების რაოდენობა არის ძალიან ცოტა, მათ შორის ძალიან დიდი აქტიურობით არ გამოირჩევიან სამედიცინო დარგის წარმომადგენლებიც. ვაქცინაცია ერთადერთი შესაძლებლობაა, ყველამ გაიაზროს და ძალიან დიდი პასუხისმგებლობით შეხედოს რეალობას. ჩვენ ან ვაგრძელებთ გარდაცვალების მართლაც კატასტროფულ მაჩვენებელს ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ან ვზრდით იმუნიზირებული მოსახლეობის რაოდენობას და ვამბობთ, რომ შესაძლებელია, პანდემია დავამარცხოთ 2021 წლის ბოლოსთვის. ვაქცინაციის ტემპი, პირველ დღეებთან შედარებით მომატებულია, ის მაჩვენებელი, რომელიც ბატონმა ამირანმა დაასახელა გუშინ წინ – ათას ასი, დღესათვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თუმცა ეს არის მაღალი წინა დღეებთან შედარებით, მაგრამ ძალიან დაბალი იმ აუცილებლობასთან შედარებით, რაც ჩვენ გვჭირდება 1.5, 1.7 მილიონი მოსახლეობის ვაქცინირებისთვის. თუ დავთვლით, წლის ბოლომდე გვჭირდება 5 000-დან 6 000-მდე ვაქცინირებული ყოველდღიურად მთელი საქართველოს მასშტაბით. გვჭირდება 5 000, გვყავს 1 000, ხუთჯერ ნაკლები. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ ვერ დავასრულებთ პანდემიას, პანდემიის დასრულების გზა გადის მხოლოდ ვაქცინაციაზე. თუ ჩვენ ავიცრებით, მოსახლეობის მინიმუმ 60 პროცენტი იქნება ვაქცინირებული, ჩვენ შეგვეძლება განვაცხადოთ, რომ პანდემია საქართველოში დასრულდება.

ამ ტემპით ჩვენ სამიზნე 60 პროცენტზე გასვლისთვის დაგვჭირდება სამი წელი. თუ ჩვენ დავთვლით, დღევანდელი მაჩვენებლებით რამდენია საქართველოში ყოველდღიურად გარდაცვლილთა რაოდენობა, ნიშავს, რომ ამ სამი წლის განმავლობაში მივიღებთ სრულიად კატასტროფულ შედეგებს. ვერც ერთი ქვეყანა ვერ დაამარცხებს პანდემიას, თუ არ იქნება მოსახლეობის 60-დან 80 პროცენტამდე აცრილი“, – განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიხატია დეკანოიძე – მოლაპარაკების მესამე ეტაპი თუ იქნება, ჩვენი მოთხოვნები იგივე დარჩება
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე – ხელისუფალიც და ყველა უნდა დავემორჩილოთ კანონს