ილია მეორე დიპლომატებს შეხვდა

მიმდინარე წლის 9 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მღვდელმთავრებმა და სამღვდელოებამ დიდ ბრიტანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ბერუჩაშვილი და დიდ ბრიტანეთში აკრედიტირებული ევროპისა და ლათინო-ამერიკის ქვეყნების დიპლომატები მიიღეს.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, მათი ვიზიტი საქართველოს მეგობრების დიპლომატიური ტურის ფარგლებში მოხდა.

ელჩებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ დიდია ეკლესიის და პირადად მისი უწმინდესობის როლი საქართველოს განვითარებაში. მათ ასევე ხაზი გაუსვეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შემწყნარებლობას სხვადასხვა აღმსარებლობის მიმართ, რაც განსხვავებული მრწამსის მქონე ადამიანებს საშუალებას აძლევს მშვიდობიანად იცხოვრონ საქართველოში.

„მისმა უწმინდესობამ ელჩებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი ვიზიტი უკეთ გააცნობს დიპლომატებს საქართველოს და ჩვენი კავშირები კიდევ უფრო მეტად გამტკიცდება, რაც სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნებისათვის.

კათოლიკოს-პატრიარქმა დიდი პატივისცემით გაიხსენა მისი ვიზიტი დიდ ბრიტანეთში და შეხვედრა დედოფალ ელისაბედ II-სთან.

თამარ ბერუჩაშვილმა ისაუბრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მეგობრული დამოკიდებულების შესახებ და აღნიშნა, რომ დედოფლის რჩეული საჩუქრების გამოფენაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნაჩუქარი წმინდა გიორგის ხატი ევროპის სექციაში პირველ ადგილზე იყო დაბრძანებული.

მისმა უწმინდესობამ შეხვედრის დასასრულს დალოცა სტუმრები და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა”, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძემ „ქართულ ოცნებას“ 50 ათასი ლარი შესწირა
შემდეგი სტატიაკიევმა ჰამბურგში რუსეთი სამხედრო გემების იმუნიტეტის დარღვევაში დაადანაშაულა