დონალდ ტრამპმა გაეროს მოუწოდა, რომ ჩინეთს კორონავირუსზე თავისი ქმედებების გამო პასუხი აგებინოს

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, აშშ-ს საკვების და წამლის ადმინისტრაციის FDA-ს მიერ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის გადაუდებელი გამოყენებისთვის დამტკიცებას ვიდეომიმართვით გამოეხმაურა.

ტრამპმა თქვა, რომ “პანდემია შესაძლოა ჩინეთში დაიწყო, მაგრამ ჩვენ აქ, ამერიკაში ვასრულებთ”. მისივე თქმით, როდესაც ჩინეთის ვირუსი აშშ-ში შემოიჭრა, მან პირობა დადო, რომ აშშ-ში რეკორდულ დროში შექმნიდნენ ვაქცინას, წლის ბოლომდე – “მათ თქვეს რომ ეს ვერ გაკეთდებოდა, მაგრამ დღევანდელი სიახლით ჩვენ ამ მიზანს მივაღწიეთ”.

აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვაქცინა სწრაფად შეამცირებს სიკვდილიანობას და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს.

“დღეს ჩვენმა ქვეყანამ სამედიცინო სასწაულს მიაღწია. ჩვენ გვაქვს უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინა სულ რაღაც ცხრა თვეში. ეს ისტორიაში ერთერთი ყველაზე დიდებული მეცნიერული მიღწევაა. ეს მილიონობით სიცოცხლეს გადაარჩენს და დაასრულებს პანდემიას ერთხელ და სამუდამოდ. მე აღელვებით გაუწყებთ, რომ FDA-მ ავტორიზაცია გაუკეთა Pfizer-ის ვაქცინას. ჩვენ Pfizer-ს და სხვა კომპანიებს დიდი ფული მივეცით, იმ იმედით, რომ ამ შედეგს გამოიღებდა და ასეც მოხდა. ამერიკელი ხალხის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ბრწყინვალე მეცნიერს, ტექნიკოსებს, ექიმებს და მომუშავე პირებს, რომლებმაც ეს ყველაფერი შესაძლებელი გახადეს. Pfizer-მა და Modrena-მ დააანონსეს, რომ მათი ვაქცინა დაახლოებით 95%-ით ეფექტიანია, რაც ძალიან აჭარბებს მოლოდინებს. ეს ვაქცინები ასევე ძალიან უსაფრთხოა. ამერიკელმა მოქალაქეებმა მონაწილეობა მიიღეს ცდებში, რაც ჩვეულებრივზე მეტად ფართო იყო და სერიოზული გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა”. – თქვა ტრამპმა.

მან ასევე განაცხადა, რომ FDA-ს დამოუკიდებელმა ექსპერტებმა შეისწავლეს ცდის შედეგები და ვაქცინამ ახლა მიიღო უსაფრთხოების ოქროს სტანდარტი. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მისმა ადმინისტრაციამ ჯამში 14 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო, ვაქცინების განვითარების დასაჩქარებლად და ყველა საუკეთესო კანდიდატის წინსვლისთვის.

აშშ-ს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ვაქცინა ყველა ამერიკელისთვის უფასო იქნება.

მისი თქმით, შტატების გუბერნატორები გადაწყვეტენ, თავდაპირველად სად გააგზავნონ ვაქცინები და ვინ მიიღებს ვაქცინას. – “ჩვენი გვინდა, რომ ჩვენი ასაკოვანი მოქალაქეები, მედიცინის მუშაკები და პირველ ხაზზე მყოფი პირები რიგში პირველები იყვნენ”.

ტრაპმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც შექმნა გადამოწმებულად უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინა.

“დღევანდელი მიღწევა არის შეხსენება ამერიკის ულიმიტო პოტენციალის, როდესაც ჩვენ გვაქვს ნება და გამბედაობა მივაღწიოთ ამბიციურ მიზნებს”. – თქვა მან.

ვაქცინის გამოცდის კვლევების თანახმად, Pfizer-ის და გერმანული ბიოტექნოლოგიების კომპანია BioNTech-ის წარმოებული კორონავირუსის ვაქცინა 95%-ით ეფექტიანია.

Pfizer-მა და BionTech-მა ვაქცინაზე მუშაობა 11 თვის წინ დაიწყეს და სიჩქარის ყველა რეკორდი მოხსნეს. ვაქცინების განვითარებას, ჩვეულებრივ, წლები სჭირდება. Pfizer-ის ვაქცინა უკვე მიიღეს ბრიტანეთის და ბაჰრეინის მოქალაქეებმა, სადაც მისი ავტორიზაცია 2 დეკემბერს მოხდა. კანადამ ის ოთხშაბათს დაამტკიცა.

მომდევნო კვირაში მოსალოდნელია, რომ Pfizer-ის ავტორიზაციას Moderna-ს ვაქცინის დამტკიცება მოჰყვეს, რომელიც მსგავს ტექნოლოგიას იყენებს და კლინიკურ კვლევებში ამის მსგავსად დამაიმედებელი შედეგები აჩვენა.

რაც შეეხება ჩინეთს, აშშ უკვე თვეებია ჩინეთს ადანაშაულებს ახალ კორონავირუსზე ინფორმაციის დამალვასა და ჩახშობისთვის. ჯანმო-ს კი ბრალს სდებს, რომ ჩინეთს ორგანიზაციაზე გავლენა აქვს, ჯანმო-მ სათანადოდ ვერ შეასრულა თავისი ფუნქციები და პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. ამის გამო აშშ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას 2021 წლის ივლისში ოფიციალურად დატოვებს.

დონალდ ტრამპმა გაეროს მოუწოდა, რომ ჩინეთს კორონავირუსზე თავისი ქმედებების გამო პასუხი აგებინოს.

banner
წინა სტატიაში„მრავალეროვანი საქართველო“ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ თანადგომას უცხადებს
შემდეგი სტატიანატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე – რუსეთს არ შეუძლია, ვეტო დაადოს ნატო-ს გაფართოებას