დიმიტრი ხუნდაძე : საკმაოდ ბევრნი ვართ და არა მხოლოდ მაჟორიტარები, ვინც პროპორციულ სისტემას მხარს არ ვუჭერთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საკმაოდ ბევრი ადამიანია, ვინც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კონსტიტუციურ პროექტს მხარს არ უჭერს.

როგორც ხუნდაძემ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოფისთან ჟურნალისტებს განუცხადა, ცვლილებების მოწინააღმდეგეები მხოლოდ მაჟორიტარები არ არიან.

„რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია არის აბსოლუტურად მყარი. ვფიქრობ, დღეს უკვე უნდა დასრულდეს ეს პროცესი, ამის გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ჩვენ საკმაოდ ბევრნი ვართ, ძირითადად არიან მაჟორიტარები, მაგრამ არა მხოლოდ მაჟორიტარები. გუშინ თქვენ ნახეთ მათი პრინციპული პოზიცია და მყარი დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ხუნდაძის თქმით, სპეკულაციებს ყველამ თავი უნდა დაანებოს.

„მექნება ერთი თხოვნა, რომ დავანებოთ ზედმეტ სპეკულაციებს თავი. ეს ადამიანები არიან აბსოლუტურად გულწრფელები. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ქვეყანა არ შევიყვანოთ გრძელვადიან ქაოსში. რაც შეეხება პოლიტიკური სპექტრისა და თვითონ პარლამენტის შემდგომ მრავალფეროვნებას, რასაც ჩვენ ვემხრობით და სწორედ ამ მიმართულებით არის ჩვენი შეთავაზება, იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც სხვადასხვა პარტიებს, სხვადასხვა წარმომადგენლებს ექნებათ საშუალება, დააყენონ კონკურენტული კანდიდატი, ოღონდ ის არ იქნება არც „ნაციონალური მოძრაობიდან“ და არც ვთქვათ მათთან ასოცირებული განაყარიდან ან შვილობილი პარტიებიდან, მზად ვართ, არ დავუყენოთ კონკურენტი, შევინარჩუნოთ მრავალპარტიულობა და მრავალფეროვნება პარლამენტში. ვერავინ დამარწმუნებს მე და ვერც ჩემს თანამოაზრეებს იმაში, მივიღოთ იმდაგვარი გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა შევიყვანოთ გრძელვადიან ქაოსში. ჩვენ გვაქვს კიდევ შეთავაზება, რომელსაც უმრავლესობას სხდომის ფორმატში შევთავაზებთ“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხთან დაკავშირებით „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა იმართება. შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლების პენსიაზე ღირსეული გაცილების მეორე ეტაპს ვიწყებთ
შემდეგი სტატიაკახეთის პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა