დეკანოზი ილია ჭიღლაძე: რა გვაჩვენა მიმდინარე პანდემიის თანმხლებმა ამბებმა და მოვლენებმა…

მე-20 საუკუნემ, აცრების (ვაქცინაციის) ეპოქამ ადამიანებს დაავიწყა წარსულ საუკუნეთა მასობრივი პანდემიები და მილიონობით დახოცილი მსხვერპლი, მიმდინარე ახალმა პანდემიამ კი ბევრში აპოკალიტური ცრუ შიშები და ისტერია გააღვივა. არადა ზუსტად 100 წლის უკან მომხდარმა უკანასკნელმა დიდმა პანდემიამ (ე. წ. ესპანური გრიპი) ორი წლის მანძილზე მსოფლიოში 50 მილიონი ადამიანი შეიწირა. ეს განუზომლად მეტია ვიდრე კორონავირუსის არსებული (დაახ.180 000) და შესაძლო მსხვერპლიც. მედიცინის და ჰიგიენური საშუალებების გაუმჯობესებამ წარსულ საუკუნეთა კატასტროფული დანაკარგები განუზომლად შეამცირა და ეს სიხარულით და იმედით უნდა გვავსებდეს ადამიანებს. ამასთან ერთად, ეს კიდევ ერთხელ ასაჩინოებს მედიცინის მუშაკთა რეკომენდაციების სრულად დაცვის აუცილებლობას.

მორწუნეთა ნაწილი, ვინც ეწინააღმდეგებოდა მთავარი რეკომენდაციის – სახლში ყოფნის და საჯარო შეკრებების დროებითი შეჩერება – დაცვას, იჩენს უმადურობას მედიცინის მიმართ, იმის მიმართ, ვისაც დაავადების შემდეგ სრულად ემორჩილებიან და ელიან მკურნალობას. დაავადების დადგომადე ჯიუტობენ რა და ურჩებენ, ავლენენ უმადურობას და სიბრმავეს. არ შეიძლება უკვე დაავადებული ექიმებთან დარბოდე და გამოჯანმრთელბას ეძიებდე, და დაავადებამდე კი არ უსმენდე მათ თხოვნებს და მოთხოვნებს, ისევდაისევ დაავადების თავიდან ასაცილებლად.

მიმდინარე პანდემიამ აჩვენა, რომ ქრისტიანთა ნაწილისათვის კვლავ გაუგებარია სახარება და “შაბათი” (ე.ი. რელიგიური რიტუალები) უფრო მნიშვნელვანია, ვიდრე ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, არადა ქრისტე მაცხოვარი პირუკუ ბრძანებს. აშკარაა, იუდაურ-ფარისევლური რიტუალიზმი კვლავ ძლიერ ფესვგადგმულია ადამიანებში, ახალი აღთქმის მღვდლები ძველი აღთქმის მღვდლებს ბაძავენ და ემსგავსებიან. ეს ქრისტიანობის დიდი ტრაგედიაა, რადგან ქრისტეს მთელი სამწლიანი ქადაგება-მოღვაწეობა ამ სულის მხილებას და დაგმობას მიეძღვნა, მიუხედავად ამისა ჩვენს შორის ისევ არიან ისინი ახალი სახელებით და ძველი აზროვნებით. გაცნობიერება ქრისტეს სახარების სულისა და აზრისა ესაა მთავარი გამოწვევა დღევანდელი ქრისტიანებისთვის, რომელთა ნაწილი ჩაძირული რიტუალიზმის ფარისევლურ კმაყოფილებაში და თავმომწონეობაში (იხ. მეზვერისა და ფარისევლის იგავი), ქრისტეს შორდება და სიბნელეს უერთდება. ძველი აღთქის სულის დაძლევა ახალი აღთქმის სულით, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი მიზანი, თუ გვსურს ნამდვილ ქრისტიანებად ყოფნა.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

23.04.2020

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: დიახ, ყურს ნუ გჭრით – ივანიშვილი დიქტატურისკენ მიიწევს და ცდილობს, ყველა ბერკეტი ჩაიგდოს ხელში
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცავაძე: მანქანების მოძრაობის შეზღუდვის გახანგრძლივებას, მხარს არ ვუჭერ