დავით სერგეენკო: ბავშვის უფლებათა კოდექსის სახით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პლატფორმა შეიქმნა და ასევე, მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება იმისთვის, რომ ეს კოდექსი რეალურად იყოს დანერგილი და განხორციელებული

„ბავშვის უფლებათა კოდექსის სახით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პლატფორმა შეიქმნა და ასევე, მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან იმისთვის, რომ ეს კოდექსი რეალურად იყოს დანერგილი და განხორციელებული“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, დავით სერგეენკომ პარლამენტში გამართულ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

მისი თქმით, ბავშვის უფლებათა კოდექსი სავალდებულოა შესასრულებლად ყველასათვის, იქნება ეს სახელმწიფო ორგანიზაცია, აღმასრულებელი, კანონმდებელი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ ინდივიდუალური პირი, ვინც კი ახორციელებს საქმიანობას ბავშვებთან მიმართებაში.

„ეს კოდექსი საკმაოდ კომპლექსური და მოცულობითი დოკუმენტია და მის სწორ დანერგვას და იმპლემენტაციას ყველაზე დიდი პრიორიტეტი ენიჭება მიმდინარე პერიოდში. მთლიანად ეს კომპლექსი, რასაც ბავშვთა კოდექსი, აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივობები ეძღვნება, მიმართულია იქით, რომ შესრულებული და განხორციელებული იყოს ის მთავარი პოსტულატები, რაც მოყვანილია ბავშვთა უფლებათა საერთაშორისო კონვენციაში“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ისაუბრა ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სამოქმედო გეგმაზე, გამოწვევებზე და პრიორიტეტებზე.

„სამოქმედო გეგმამ და საზედამხედველო ინსტრუმენტებმა უნდა მოიცვას ყველა ის მთავარი საკითხი, რაც გაწერილია ბავშვთა კოდექსში, თუმცა, როდესაც დასაწყისისთვის ვირჩევდით განსაკუთრებულ პრიორიტეტებს, იყო თემები, რომლებიც ყველა ქვეყნისათვის, ასე თუ ისე, გამოწვევაა, ეს არის ბავშვთა სიღარიბე, ბავშვებზე ძალადობა და დეინსტიტუციონალიზაცია – დიდი ზომის ბავშვთა სახლების სწორად და გეგმაზომიერად გარდაქმნა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ აღზრდაზე და განათლებაზე.

საერთაშორისო კონვენციაში გაწერილია, რომ ბავშვებს აქვთ არამარტო უფლება, არამედ ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ მთავარი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ და მათი ხმა მეტად თუ არა, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყოს საბოლოო სამოქმედო გეგმების შემუშავებაში“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

მისი თქმით, ცალსახაა, რომ ამ მასშტაბის კოდექსის დანერგვას და განხორციელებას ინტენსიური მუშაობა ჭირდება და მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტი არ არის აღმასრულებელი და განმახორციელებელი, პარლამენტს ბევრ სხვა საპატიო ფუნქციასთან ერთად აქვს მონიტორინგის და ზედამხედველობის ვალდებულება.

„დღევანდელი ჩვენი შეხვედრა კიდევ უფრო დაგვეხმარება იმისათვის, რომ ჩვენი სამოქმედო გეგმები კოორდინირებული იყოს და წინასწარ მინდა გამოვხატოთ მადლიერება ყველა იმ სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ბავშვთა უფლებების იმპლემენტაციაში“, – განაცხადა დავით სერგეენკომ პარლამენტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე – „ბავშვის უფლებები საქართველოში – ძირითადი გამოწვევები და განხორციელებული ღონისძიებები.“

banner
წინა სტატიაშითეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული ახალი დახმარება საჭიროებებს შეესაბამება
შემდეგი სტატიათქვენ ხართ ჩვენი მომავალი, რისთვისაც ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან – ზელენსკიმ პოლონეთში მყოფ უკრაინელ ბავშვებს მიმართა