თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული ახალი დახმარება საჭიროებებს შეესაბამება

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ახალი დახმარება უკრაინის საჭიროებებს შეესაბამება. ასევე, თეთრი სახლის შეფასებით, 80 კილომეტრამდე რადიუსის მქონე სისტემები, სწორედ ის არის, რაც ქვეყანას ბრძოლის ამ ახალ ფაზაში სჭირდება.

„ჩვენ შევეცადეთ, მიგვეცა უკრაინისთვის ზუსტად ის, რაც ჩვენი აზრით, მათ რუსეთის თავდასხმის მოსაგერიებლად სჭირდებათ. ამან იმუშავა პირველ დღეებში, როდესაც უკრაინელებმა შეძლეს კიევისთვის ბრძოლის მოგება და რუსებს დედაქალაქიდან უკან დახევა აიძულეს, ახლა კონფლიქტი სხვა ფაზაში გადავიდა ქვეყნის სამხრეთით და აღმოსავლეთით“, – განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილემ, ჯონ ფინერმა.

​მისი თქმით, ახალი შეიარაღება გააფართოებს უკრაინის შესაძლებლობებს და შეეძლებათ, ზუსტი დარტყმა მიაყენონ ბრძოლის ველზე რუსულ სამიზნეებს.

როგორც ცნობილი გახდა, ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას ამერიკულ „ჰაიმარსის“ ტიპის საარტილერიო სარაკეტო სისტემას გაუგზავნის, აღჭურვილი საბრძოლო მასალებით, რომელსაც რაკეტის გაშვება 80 კმ დისტანციაზე შეუძლია. ეს უკრაინის მიერ მოთხოვნილ 300 კილომეტრის დაფარვის უნარის მქონე სისტემებზე, გაცილებით ნაკლებია, თუმცა როგორც „სიენენი“ წერს, „ჰაიმარსი“ ყველაზე შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღებაა, რაც უკრაინას აქამდე მიუღია.

ჯონ ფინერი ასევე გამოეხმაურა კრემლის შეფასებას, იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ცეცხლზე ნავთის დასხმა იქნება.

„რუსეთმა ეს საკუთარი ტერიტორიიდან სუვერენულ ქვეყანაში შეჭრით მიიღო. ასე რომ ჩვენ ძალიან მკაფიოდ და გამჭვირვალედ განვაცხადეთ, რის გაკეთებას ვაპირებდით. ეს ამ დრომდე ეფექტური აღმოჩნდა უკრაინისთვის და ასე გავაგრძელებთ“ – განაცხადა ფინერმა.

banner
წინა სტატიაშისპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა თელავში სამუშაო შეხვედრა გამართა
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო: ბავშვის უფლებათა კოდექსის სახით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პლატფორმა შეიქმნა და ასევე, მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება იმისთვის, რომ ეს კოდექსი რეალურად იყოს დანერგილი და განხორციელებული