ცერცვაძე: COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული პაციენტის (კონვალესცენტის) პლაზმას შეუძლია სხვების სიცოცხლის გადარჩენა

COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული პაციენტის (კონვალესცენტის) პლაზმას შეუძლია სხვების სიცოცხლის გადარჩენა, – ამის შესახებ Facebook-ზე ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე წერს.

„ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი COVID-19-ის მკურნალობის კლინიკურ ჯგუფთან ერთად COVID-19-ით პაციენტების სამკურნალოდ ე.წ. სტანდარტულ თერაპიასთან ერთად წარმატებით იყენებს სხვადასხვა ინოვაციურ მეთოდსა და მიდგომას. ერთ-ერთი ასეთი მეთოდია COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული პაციენტის (კონვალესცენტის) პლაზმის გადასხმა. ეს მეთოდი ეფუძნება იმ ფაქტს, რომ გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა შეიცავს ვირუსის საწინააღმდეგო ე.წ. დამცავ (მანეიტრალიზებელ) ანტისხეულებს, რომლებიც COVID-19-ით პაციენტის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ უკავშირდებიან ვირუსს (SARS-CoV-2-ს) და ანეიტრალებენ მათ. კონვალესცენტის პლაზმის გამოყენება ეფექტიანია დაავადების ადრეულ სტადიაზე (პირველი 10 დღე), როცა COVID-19-ით პაციენტის ორგანიზმში ხდება ვირუსის აქტიური რეპლიკაცია (გამრავლება). პლაზმის ეფექტიანობა დამოკიდებულია მასში ე.წ. დამცავი (მანეიტრალიზებელი) ანტისხეულების კონცენტრაციაზე.

COVID-19-ით ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში სამკურნალოდ ამ მეთოდს მიღებული აქვს აშშ-ის FDA-ის ნებართვა (23 აგვისტო, 2020 წ.) გადაუდებელ შემთხვევებში მისი გამოყენების თაობაზე. უფრო მეტიც, 2020 წლის ივლისში FDA-ის ხელმძღვანელმა COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს მოუწოდა პლაზმის დონაციისკენ სხვების სიცოცხლის გადასარჩენად. მისი გამოსვლა დღემდე არის ხელმისაწვდომი ინტერნეტ სივრცეში“, – წერს ცერცვაძე.

banner
წინა სტატიაშიჰოჯესი რუსეთზე, აშშ-სა და საქართველოზე
შემდეგი სტატიაგავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას მისი ეკონომიკური აღდგენისთვის და რეფორმების დღის წესრიგის წინ წასაწევად