ჰოჯესი რუსეთზე, აშშ-სა და საქართველოზე

აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი სარდალი, ბენ ჰოჯესი, არაა დარწმუნებული, რომ საქართველოს ხელისუფლებას სტაბილური პოზიცია აქვს კრემლის და, შესაბამისად, ოკუპაციის მიმართ.

ჰოჯესმა საქართველოსა და ამერიკაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და მათ თანაკვეთაზე “დღის სტუმარში” ისაუბრა.

“დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობა საკმარის ნაბიჯებს დგამს კრემლის ზეწოლის წინააღმდეგ? ხომ არ აგზავნის საქართველო არაერთგვაროვან სიგნალებს იმის თაობაზე, რას აკეთებს სინამდვილეში კრემლი? აქვთ კი ხელისუფლებაში მუდმივად მყარი პოზიციები? – არ ვარ დარწმუნებული…”

ბენ ჰოჯესი ფიქრობს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მკაფიოდ დააფიქსირებს რუსეთისა და მისი საგარეო პოლიტიკისადმი დამოკიდებულებას, რისი დამადასტურებელიცაა, ერთი მხრივ, ბაიდენ-პუტინის დიალოგში უკრაინის ხსენება, მეორე მხრივ კი, ბლინკენ-ლავროვის დიალოგში საქართველოზე საუბარი.

“რაც შეეხება შტატებს, ჩემთვის სადავო არაა, რომ ახალი ადამინისტრაცია ბევრად მყარი და მკაფიო იქნება კრემლთან. თავისთავად, ფაქტი, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა სატელეფონო საუბარში პუტინთან ახსენა უკრაინა და მისი დამოუკიდებლობა, ჩემთვის აჩვენებს, რომ ადმინისტრაცია ფიქრობს შავი ზღვის რეგიონზე. ამის მიუხედავად, იმედგაცრუებული ვარ, რომ მან უშუალოდ საქართველო არ ახსენა, თუმცა, როგორც მინიმუმ, კარგია, რომ ისინი ფიქრობენ შავი ზღვისპირეთზე – ვფიქრობ, ეს ნამდვილად კარგია!

და, აქვე, რა თქმა უნდა, ენტონი ბლინკენის მხრიდან ლავროვთან დიალოგში საქართველოზე საუბარი იმედის მომცემია, რადგან ის თავად წარმოადგენს ადმინისტრაციას და სტრატეგიულად ფიქრობს შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე და, რა თქმა უნდა, საქართველოზე, რომელიც ამ ყველაფრის განუყოფელი ნაწილია”, – თქვა ჰოჯესმა.

banner
წინა სტატიაში2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ იმოქმედოს ინსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში
შემდეგი სტატიაცერცვაძე: COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული პაციენტის (კონვალესცენტის) პლაზმას შეუძლია სხვების სიცოცხლის გადარჩენა