ბუჩას მოვლენებმა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებზე უარყოფითად იმოქმედა – ჩავუშოღლუ

ბუჩას მოვლენებმა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებზე უარყოფითად იმოქმედა, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ თურქულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„რაც უფრო გრძელდება პრობლემა, მით უფრო რთული ხდება გამოსავალი. მიუხედავად ყველა სირთულისა, არსებობს ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა. არაადამიანურმა სურათებმა, როგორიცაა ბუჩა და ირპინი, რომელსაც ჩვენ ასევე ვგმობთ, შეცვალა ატმოსფერო. ამან უკრაინულ მხარეს უარყოფითი ატმოსფერო შეუქმნა. ამასთან დაკავშირებით იყო რუსეთის ფედერაციის მხრიდან განსხვავებული განცხადებები, მაგრამ საბოლოოდ ამან უარყოფითად იმოქმედა მოლაპარაკების პროცესზე“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ანკარა ცდილობს უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას.

კითხვაზე, შეხვდებიან თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს თურქეთში, ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ორ დელეგაციას შორის ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს და შეხვედრა დამოკიდებულია პუტინის თანხმობაზე.

რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, საკითხზე საუბრისას მევლუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ თურქეთი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მოქმედებს, დაბალანსებულ პოზიციას შეინარჩუნებს.

ამასთან, გავრცელებული ცნობით, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან საუბარს გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიშვედეთი და ფინეთი თავისუფალნი არიან აირჩიონ თავიანთი მომავალი ჩარევის გარეშე – გაერთიანებული სამეფო მხარს დაუჭერს რასაც გადაწყვეტენ – ტრასი
შემდეგი სტატიარუსეთი უკრაინას ბელგოროდის ოლქის მახლობლად მდებარე სოფლის დაბომბვაში ადანაშაულებს