ავსტრალიამ და ნიდერლანდებმა რუსეთს MH17-ის კატასტროფაში ბრალი ოფიციალურად დასდეს

ავსტრალიამ და ნიდერლანდებმა რუსეთს დააკისრეს პასუხისმგებლობა თვითმფრინავ “ბოინგის” ჩამოგდებაზე, რომელიც 2014 წლის 17 ივლისს მოხდა. გუშინ გამოძიების საერთაშორისო ჯგუფმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი, რომელიც ასრულებდა რეისს MH17, რუსეთის 53-ე ბრიგადამ “ბუკით” ჩამოაგდო.
ნიდერლანდების მთავრობის ოფიციალურ საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ორივე ქვეყანამ რუსეთს გადაწყვეტილების შესახებ უკვე შეატყობინა.
“სახელმწიფოს პასუხისგებაში მიცემა რთული იურიდიული პროცესია და ამის გაკეთების რამდენიმე გზა არსებობს. ნიდერლანდებმა და ავსტრალიამ დღეს რუსეთს სთხოვეს მოლაპარაკებებში მიიღოს მონაწილეობა, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც სამართლიანობას აღადგენს საშინელი ტანჯვისა და დანაკარგის შემდეგ, რომელიც MH17-ის კატასტროფას მოყვა” – ნათქვამია განცხადებაში. ასევე, შესაძლებელია საქმე საერთაშორისო სასამართლოს ან ორგანიზაციას გადაეცეს განაჩენის გამოსატანად – “ბიბისი” წერს.

“ბოინგი 777”, რომელიც ასრულებდა რეისს MH17, 2014 წლის 17 ივლისს “ბუკმა” ჩამოაგდო, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების კურსკის 53-ე ბრიგადას ეკუთვნოდა – ასეთი დასკვნა დადო საგამოძიებო ჯგუფმა, რომელშიც 5 ქვეყანის წარმომადგენელი შედის. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ისევ უარყოფს თვითმფრინავის ჩამოგდებაში რაიმე სახით მონაწილეობას.
საგამოძიებო კომისიის წარმომადგენელმა პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ “ბუკის” დადგენა შესაძლელებლი გახდა იმ უნიკალური თვისებების წყალობით, რომელიც მას გააჩნია..

“ბოინგი 777” მაშინ ჩამოაგდეს, როცა ის უკრაინის თავზე მიფრინავდა. შემთხვევა 2014 წლის 17 ივნისს 16:20 საათზე მოხდა. თვითმფრინავი რეისით MH17 Malaysia Airlines ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა. მის ბორტზე 298 ადამიანი იმყოფებოდა, ყველა მათგანი დაიღუპა. მგზავრთა შორის უმეტესობა ნიდერლანდების მოქალაქეები იყვნენ.

banner
წინა სტატიაშიკანადაში ორმა უცნობმა პირმა რესტორანში ბომბი ააფეთქა
შემდეგი სტატიავაინშტაინს გაუპატიურების გამო ბრალი წაუყენეს