ამირან გამყრელიძე: კვლევები მიმდინარეობს, კოვიდგადატანილი ერთხელ აიცრას თუ ორჯერ

ნებისმიერ კოვიდგადატანილს თავისუფლად შეუძლია, აიცრას. დამატებით მსჯელობა, კვლევები მიმდინარეობს, კოვიდგადატანილი ერთხელ აიცრას თუ ორჯერ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კოვიდგადატანილობა აცრის წინააღმდეგ ჩვენებას არ წარმოადგენს.

„ერთი მხრივ, რადგან მსოფლიოში ვაქცინების დიდი დეფიციტია, მეორე მხრივ, კვლევებია, რომ კოვიდგადატანილებში ერთჯერადი ინექცია საკმაოდ კარგ ეფექტს იძლევა, ვიდრე, ვთქვათ, ორი ინექცია. კოვიდგადატანილობა აცრის წინააღმდეგ ჩვენებას არ წარმოადგენს.ზოგიერთი ქვეყანა ერთი თვის შემდეგ ცრის, ზოგი ორის, სამის, ჩვენ დავთქვით, მაგალითად, მე დამიდასტურდა კორონავირუსი და დადასტურებიდან 120 დღის შემდეგ უნდა ავიცრა და ავიცრები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე ასევე აღნიშნა, თუ რამდენ კლინიკაში იქნება შესაძლებელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება. საკითხზე საუბრისას გამყრელიძემ განაცხადა, რომ სამედიცინო მუშაკების გარკვეულმა ნაწილმა ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჯავშანი გააუქმა.

როგორც გამყრელიძე ამბობს, ეს გასაგებიც არის, მაგრამ კოვიდპანდემიის დასრულების გზა მასობრივ ვაქცინაციაზე გადის, რის გამოც დასახული აქვთ ამბიციური ამოცანა. გამყრელიძე იმედოვნებს, რომ ამ ამოცანის განხორციელებას საზოგადოებასთან ერთად შეძლებენ.

„გუშინ საბჭოს გადაწყვეტილებით 82 დაწესებულებიდან დარჩა 42 სტაციონალური დაწესებულება აცრების ჩასატარებლად. ყველას დაეგზავნა შეტყობინება, რომ თავიდან გაიარონ რეგისტრაცია იმ დაწესებულებაში, რომელიც დღეს ამცრელად არის ფიქსირებული. ამ ფაქტმა გარკვეულწილად იმოქმედა. ეს გასაგებიც იყო და პროგნოზირებადიც. ამიტომ რიგმა ჩვენმა კოლეგამ გააუქმა ჯავშანი. გასაგებია, რომ ისინი შემდეგ კვირას ელოდებიან სიტუაციის განვითარებას. დღევანდელი მონაცემებით, თუ არ ვცდები, 4900-მდეა რეგისტრირებული. მოგეხსენებათ, პროგნოზირება მედიცინაში ძალიან უმადური რამ არის. თუმცა კოვიდპანდემიის დასრულების გზა მასობრივ ვაქცინაციაზე გადის. ძალიან ამბიციური ამოცანა გვაქვს დასახული. მაგრამ საზოგადოებასთან ერთად, ჩვენ ეს უნდა შევძლოთ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ამაში მედიას მნიშვნელოვანი როლი გაქვთ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით ფაცაციამ უმაღლეს საბჭოში მინისტრის აპარატის წლიური ანგარიში წარადგინა
შემდეგი სტატიაკუბილიუსი: არის პრობლემები, რომლებიც მმართველმა პარტიამ უნდა მოაგვაროს