,,უახლოეს პერიოდში საზოგადოებას არაერთი საქმის გახსნასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას მივაწვდით”

ჩეხეთის ქალაქ უჰერსი-ბროდში

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფების შუალედური ანგარიშები მოისმინეს.
“წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ” და “საკუთრების უფლების უკანონო ხელყოფის ფაქტების შესახებ” სამუშაო ჯგუფები მიმდინარე წლის 10 თებერვალს შეიქმნა, რომელთა საქმიანობის არეალად კომიტეტში შეოსული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა-რეაგირება განისაზღვრა.
კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, სამუშაო ჯგუფებმა შექმნის დღიდან დღემდე დიდი და შრომატევადი საქმიანობა გასწიეს და ამ დროის მონაცემებით უკვე 6000-ზე მეტი განაცხადი შეისწავლეს და დაამუშავეს. აქედან შემდგომი რეაგირებისთვის, 402 განაცხადი “წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ” ჯგუფს, ხოლო 215 – “საკუთრების უფლების უკანონო ხელყოფის ფაქტების შესახებ” სამუშაო ჯგუფს გადაეცა, რომლებზეც შესაბამისი დასკვნა და ანალიზი მომზადდება.
“სამუშაო ჯგუფების მიერ კომიტეტში შემოსული განცხადებების სიღრმისეული შესწავლა და ანალიზი ხდება. ჩვენთან საგამოძიებო მოქმედებები არ მიმდინარეობს და მხოლოდ ფაქტების შესწავლა, ერთიანი ბაზის შექმნა და მათი სისტემური ანალიზი ხორციელდება. მასალების შესწავლის შემდეგ კომიტეტი პარლამენტის სახელით საბოლოო დასკვნას მოამზადებს, რომელშიც მოცემული იქნება რეკომენდაციები და შესაძლო საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი”, – აღნიშნა ბესელიამ. მისივე განცხადებით, კომიტეტის მიერ მომზადებული ანგარიში როგორც ადამიანთა დარღვეული უფლებების აღდგენას, ასევე პრევენციული ღონისძიებების მექანიზმების შემოღებას განაპირობებს.
კომიტეტის სხდომაზე სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლებმა ლევან გოგიჩაიშვილმა და ქეთევან ლეფსვერიძემ ჯგუფების მიერ ჩატარებულ საქმიანობაზე შუალედური ანგარიში წარმოადგინეს. საკითხი შეეხებოდა 2004-2012 წლებში ჩადენილ როგორც საკუთრების უკანონოდ ჩამორთმევის და კერძო ქონების ხელყოფის, ასევე წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს, რომელთა შესახებაც დაზარალებულმა მოსახლეობამ კომიტეტს წერილობით მიმართა.
საკომიტეტო ტრიბუნა დღეს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების დეპარტამენტის უფროსს, ირაკლი ნადარეიშვილს დაეთმო. პროკურატურის ახლად შექმნილი უწყების ხელმძღვანელმა ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა და იმ სირთულეებზეც ისაუბრა, რომელსაც დეპარტამენტი ყოველდღიურ საქმიანობაში აწყდება. მისი ინფორმაციით, დეპარტამენტმა სამი თვის განმავლობაში 11 საქმეზე უკვე დაასრულა მუშაობა და 1.1 მლნ. ლარის ზარალის ანაზღაურება მოხდა.
“ამ მოკლე დროში დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1000-ზე მეტი განცხადება-საჩივარი განიხილეს. 170 საქმეზე, რომელიც 300-მდე დანაშაულებრივ ეპიზოდს მოიცავს, სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ყოველდღიურად ხდება მოქალაქეების დაკითხვა და ახსნა-განმარტებების მოსმენა და უახლოეს პერიოდში საზოგადოებას ახალ ინფორმაციას მივაწვდით არაერთი საქმის გახსნასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მისივე განცხადებით, მუშაობის პროცესში დეპარტამენტი ობიექტურ სირთულეებს აწყდება, რომლებიც ადვოკატთა კორპუსის მხრიდან მომდინარეობს. საუბარია ჩვენებების არ მიცემაზე, რაც საქმეების გამოძიებას და სამართლიანობის აღდგენის პროცესს აფერხებს და აჭიანურებს.
პროკურატურის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნულ საკითხში საგამოძიებო უწყება არ ითხოვს კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემას ან ადვოკატისთვის მიცემული ჩვენების აღიარებას. საკითხი ეხება მხოლოდ ადვოკატის თანდასწრებით მოწმეზე განხორციელებულ ზეწოლის ან იძულების ფაქტებს, რომელთა გაცნობა დეპარტამენტისთვის მტკიცებულებად შეიძლება ჩაითვალოს. პროკურორმა კანონმდებლებს საპროცესო კოდექსის 43-ე და 50-ე მუხლებში ცვლილებების შეტანის წინადადებით მიმართა, რომლის თანახმადაც, მასში მოცემული ბუნდოვანი ნორმები მეტ სიცხადეს შეიძენს.

banner
წინა სტატიაში,,უკანონოდ ჩამორთმეული ქონება დაზარალებულებს 1 ლარად დაუბრუნდებათ”
შემდეგი სტატიასამაშველო სამუშაოების გამო, “ყაზტრანსგაზ-თბილისის” მუშაკებს აფეთქების ადგილის დათვალიერების შესაძლებლობა არ აქვთ