ჟვანიას დაცვის წევრების გამამტყუნებელი ვერდიქტი გარდაცვალების ძირითად საქმესთან წინააღმდეგობაში არ არის

ის ფაქტი, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება დაცვის წევრების გულგრილობის შედეგია, არ მიუთითებს, რომ, პირობითად, ჟვანია მოკლულია ან გაზით გაიგუდა , – ამის შესახებ  ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების საქმის პროკურორმა, თორნიკე ნადირაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გამოძიება ერთი კონკრეტული მიმართულებით არ მუშაობს, მუშაობს ყველა მიმართულებებით, რათა ობიექტური გარემოებები დადგინდეს.
“ის, რომ დაცვის წევრების გულგრილობის შედეგია გარდაცვალება, არ მიუთითებს, რომ, პირობითად, მოკლულია პრემიერ-მინისტრი ან ვთქვათ, გაზით გაიგუდა. ამ მიმართულებით სხვადასხვა მხრიდან მიდის გამოძიება, რათა დადგინდეს რეალური მიზეზი – რის გამო გარდაიცვალა პრემიერ-მინისტრი. აქედან გამომდინარე, გამამტყუნებელი ვერდიქტი ხელს არ შეუშლის და რაიმე წინააღმდეგობაში არ იქნება ძირითად საქმესთან, რადგან აქ საუბარია შემდეგზე – პირადი დაცვის თანამშრომლებმა მკაცრად გაწერილი ვალდებულებები დაარღვიეს. ისინი რომ ადგილზე ყოფილიყვნენ, შესაბამის მოსალოდნელ შედეგს გარდაცვალების კუთხით თავიდან აიცილებდნენ. გამოძიება აქტიურად გაგრძელდება და სავარაუდოდ მომავალში დადგინდება ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მიზეზი”, -განაცხადა თორნიკე ნადირაძემ.
როგორც საქმის პროკურორი აცხადებს, დაცვის მხარე აპელირებდა და მთელი ამ პროცესების განმავლობაში მიუთითებდა, რომ ზურაბ ჟვანია გარდაცვლილია CO-თი, მაგრამ ბრალდების მხარეს ჰქონდა საფუძვლიანი მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პოზიცია გარკვეულწილად ეჭვქვეშ დამდგარიყო.
“მე შემიძლია, მოგიყვანოთ რამდენიმე მაგალითი – მოწმე ნუგზარ ბელქანიას ჩვენება არის მნიშვნელოვანი, რომელიც მიუთითებს, რომ ნებისმიერ დროს, როდესაც გამათბობელი არასრულად მუშაობს და არასრული წვა მიმდინარეობს, ამ შემთხვევაში მილებზე ჩნდება მურის კვალი, იმ შემთხვევაში თუ მურის კვალი ჩნდება, ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ გამათბობელი არის გაუმართავი. შესაბამისად, არსებობს რისკი, გამოიყოს CO. ამ გამათბობელზე კი, რომელიც იმ ბინაში იყო, სადაც ჟვანია და უსუპოვი გარდაცვლილები იპოვეს, ნუგზარ ბელქანიას ჩვენებით, მურის კვალი არ იყო და სრულფასოვნად მუშაობდა. ამასთან, არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომელიც ამ თვალსაზრისით გარკვეულწილად გაიზიარა ბრალდების მხარემ, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ გამათბობლით მოწამვლა კიდევ ერთხელ დადგა ეჭვქვეშ. თეორიულადაც რომ დავუშვათ, ეს ადამიანი CO-თი იყო მოწამლული, ამ შემთხვევაშიც კი, ისევ და ისევ მივდივართ აღნიშნული პირების ბრალეულობასთან და ეს სწორად გაიზიარეს და შეაფასეს ნაფიცმა მსაჯულებმა. თეორიული შესაძლებლობაც რომ იყოს, რომ CO-ს მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა ეს ადამიანი, სწორი გათვლების და წინდახედულობის შემთხვევაში, ბრალდებულებს ზურაბ ჟვანიას გადარჩენა შეეძლოთ”, – განაცხადა პროკურორმა.
მანვე ისაუბრა FBI-ის დასკვნებზე და აღნიშნა, რომ დასკვნა მრავალი მიმართულებით არის განხორციელებული.
როგორც თორნიკე ნადირაძემ განაცხადა, რაულ უსუპოვისა და ზურაბ ჟვანიას ორგანიზმში CO-ს არსებობასთან დაკავშირებით დასკვნაში მითითება არის, რომ ორივეს ორგანიზმში აღმოჩენილ იქნა CO-ს კვალი, თუმცა ეს პირდაპირ არ მიუთითებს იმაზე, რომ ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი კონკრეტულად “ნიკალას” გამონაბოლქვის შედეგად გარდაიცვალნენ.
“დასკვნაში წერია, რომ 50%-თ ამ ნივთიებერის ორგანიზმში არსებობა იწვევს ფატალურ შედეგს, ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის სისხლში ეს ნივთიერება აღმოჩენილ იქნა 72%-თ და 74%-თ. ესეც ეჭვს აღძრავს. როგორ შეიძლება გარდაცვლილი ადამიანის ორგანიზმში CO-ს ეს რაოდენობა მოხვდეს. გარდაცვლილი სუნთქავდა? როგორც ზურაბ ჟვანიას დედამ, ქალბატონმა რემამაც აღნიშნა – თუ 50% უკვე სიცოცხლისთვის შეუთავსებელია, როგორ აღმოჩნდა 72% და 74%? სასიკვდილო დოზაზე გაცილებით მეტი აღმოჩნდა როგორც რაულ უსუპოვის, ისე ზურაბ ჟვანიას ორგანიზმში CO-ს კვალი. ეს კიდევ ერთხელ ბადებს სერიოზულ ეჭვს. გარდაცვალების შემდეგ ხომ სუნთქვა შეუძლებელია”, -განაცხადა თორნიკე ნადირაძემ.
კითხვაზე, ეს მიუთითებს, რომ ორგანიზმში რაიმე ნივთიერებაა შეყვანილი, პროკურორმა განაცხადა, რომ ამაზე ექსპერტმა ლევან ჩაჩუამ ისაუბრა.
“ამაზე, გაგიკვირდებათ და, ისაუბრა ექსპერტმა ლევან ჩაჩუამ. არსებობს რკინის პენტაკარბოლიუმი – ნივთიერება, რომლის 2 მილილიტრის მიღებაც კი, ისეთივე შედეგს იწვევს, რასაც CO-თი გარდაცვალება. თუმცა, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩატარდა ექსპერიმენტი იგივე სახლში, იგივე “ნიკალათი”. ეს ჩაატარეს FBI-ს თანამშრომლებმა. 5 საათი გაგრძელდა ექსპერიმენტი, – გამოყოფდა თუ არა “ნიკალა” CO-ს. აღმოჩნდა, რომ CO-ს რაოდენობა ბინაში, იყო 200-ჯერ ნაკლები იმასთან შედარებით, რაც სიცოცხლის მოსპობას იწვევს. აქედან გამომდინარე, “ნიკალა” არ იყო სიცოცხლისთვის საშიში”, -აღნიშნა ზურაბ ჟვანიას საქმის პროკურორმა.

banner
წინა სტატიაშიმთვრალმა სამხედროებმა ქუჩაში ბეტეერით გაისეირნეს
შემდეგი სტატიათუ ჩვენს მიერ შეთავაზებულ ცვლილებებზე “სითი პარკი” არ წამოვა, უფრო რთული გადაწყვეტილებების მიღებასაც არ გამოვრიცხავთ