თუ ჩვენს მიერ შეთავაზებულ ცვლილებებზე “სითი პარკი” არ წამოვა, უფრო რთული გადაწყვეტილებების მიღებასაც არ გამოვრიცხავთ

თუ ჩვენს მიერ შეთავაზებულ გონივრულ ცვლილებებზე “სითი პარკი” არ წამოვა, უფრო რთული გადაწყვეტილებების მიღებასაც არ გამოვრიცხავთ , – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც ნარმანიამ აღნიშნა, დაახლოებით ერთი თვის წინ, თბილისის მერიამ “სითი პარკს” გადაუგზავნა წინადადებები, რაც მათთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში შესაბამისი გონივრული ცვლილებების განხორციელებას გულისხმობს.
“ამ ცვლილებების უმთავრესი მიზეზი არის ის, რომ მათთან გაფორმებული ხელშეკრულება ცალმხრივად, ძირითადად ინვესტორის ,”სითი პარკის” ინტერესებზეა მორგებული და ზოგიერთ შემთხვევაში, დედაქალაქისთვის არის საზიანო. ჩვენ ვითხოვთ, რომ ხელშეკრულება იყოს უფრო მეტად დაბალანსებული, შემოსავლების განაწილება კომპანიასა და დედაქალაქის ბიუჯეტს შორის იყოს სამართლიანი და თანასწორი”, – განაცხადა ნარმანიამ.
როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ასევე თბილისის მერია პრინციპულად ითხოვს კომპანიიდან იმ თანხის დაბრუნებას, რომელიც დააკლდა დედაქალაქის ბიუჯეტს წინა მთავრობის მხრიდან განხორციელებული ცვლილებების შედეგად.
“ერთი წლის წინ, როცა ჩვენ მოვედით მაშინვე შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღეთ და დავაბრუნეთ შემოსავლების განაწილების უფრო სამართლიანი მოდელი. ამის საფუძველზე დედაქალაქის ბიუჯეტს ეკუთვნის თანხა, რაც დღემდე არ მიგვიღია “სითი პარკისგან”, ამიტომ ამ თანხის ანაზღაურება ჩვენთვის პრინციპულია, ისევე, როგორც ავტომანქანების გატაცება და საჯარიმო სადგომზე გადაყვანა უნდა შეიცვალოს ადგილზე დაჯარიმებით. ეს ის მინიმალური, აუცილებელი საკითხებია, რომლებიც ჩვენ დავაყენეთ უშუალოდ “სითი პარკის” წინაშე. პირველი ნაწილი მათი პოზიციით მივიღეთ და უახლოეს დღეებში სრულად გვექნება მათი პოზიცია ჩვენს მიერ შეთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. თუ ამ გონივრულ ცვლილებებზე კომპანია არ წამოვა, უფრო რთული გადაწყვეტილებების მიღებასაც არ გამოვრიცხავთ”, – განაცხადა ნარმანიამ.
მისივე თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტს გააჩნია გარკვეული დავების განხილვის უფლებამოსილება პარკირებასთან დაკავშირებით, რასაც თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქი სამსახური იხილავს. აქვე ნარმანიამ რამდენიმე ციფრი დაასახელა. მისი თქმით, 2015 წლის პირველი იანვრიდან დღემდე ტრანსპორტის საქალაქო სამსაურში შემოსულ იქნა 400-მდე საჩივარი საჯარიმო ქვითრის გაუქმების, დარიცხული საურავის შემცირების, ან ევაკუაციის გაუქმების მოთხოვნით.
“დღემდე გაუქმებულია 50-მდე საჯარიმო ქვითარი და 170-მდე დარიცხული საურავი, ასევე 30-მდე ევაკუაცია. ამჟამად განხილვაშია 120-მდე განცხადება, 330-მდე საურავი და 20-მდე ევაკუაცია. ანუ გარკვეული საკითხები, რაც ეხება ამ უკანონო დაჯარიმებებს, ან უკანონო გადაყვანას, სადაც კომპანიის მხრიდან დარღვევის ფაქტები ფიქსირდება, ასეთ შემთხვევაში გვაქვს უფლებამოსილება, რომ მოქალაქეების სასარგებლოდ გადავწყვიტოთ ეს საკითხები, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით უფრო მეტად უნდა გავაქტიურდეთ”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიჟვანიას დაცვის წევრების გამამტყუნებელი ვერდიქტი გარდაცვალების ძირითად საქმესთან წინააღმდეგობაში არ არის
შემდეგი სტატიასოფელ ხადორში წყალსაცავში 25 წლის მამაკაცი დაიხრჩო