თინა ხიდაშელი აბაშიძე-კარასინის ფორმატის გადახედვის აუცილებლობას ვერ ხედავს

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აბაშიძე-კარასინის ფორმატის გადახედვის აუცილებლობას ვერ ხედავს. ამის შესახებ თინა ხიდაშელმა იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, საჭიროა თუ არა აბაშიძე-კარასინის ფორმატის გადახედვა და ასევე რუსეთთან დიალოგის გააქტიურების მიზნით ახალი ფორმატის შექმნა.
“საერთოდ ყველაფერი შეიძლება გადაიხედოს. ბუნებაში არაფერი არ არის ბიბლია და შეგვიძლია ნებისმიერ ფორმატს გადავხედოთ და შეგვიძლია მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილებები ყველა კონკრეტულ შემთხვევაში. არც აბაშიძე-კარასინი და არც რაიმე სხვა არ არის იმ ტიპის მოცემულობა, რომელზეც ვიტყვით, რომ მორჩა, დავიფიცეთ და ამის იქეთ აღარ მივდივართ”, – განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, ის ამ ეტაპზე აბაშიძე-კარასინის ფორმატის გადახედვის აუცილებლობას ვერ ხედავს.
“ამ წუთას მე აბაშიძე-კარასინის ფორმატის გადახედვის აუცილებლობას ვერ ვხედავ. იმას თავისი მანდატი აქვს, თავისი საქმე და თავისი კონკრეტული თემატიკა აქვს. არხი უნდა შევინარჩუნოთ, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რადგან გაბუტულ მდგომარეობაში არ დგანან პასუხისმგებელი სახელმწიფოები. მაგრამ ამასობაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხმა მუდმივად, ძალიან ხმამაღლა ისმოდეს ყველა შემთხვევაში, როდესაც რაიმე ასეთი ხდება და რაზეც აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მიპყრობა”, – განაცხადა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – ახლა მთავარია, უეფა-ს სუპერთასის ფინალურ შეხვედრას მომზადებულები შევხვდეთ
შემდეგი სტატიაპატრიარქმა რიჩარდ ნორლანდს საქართველოში მსახურისთვის მადლობა გადაუხადა