დევნილთა სამინისტრო აფხაზეთის ომის დროს დაღუპულთა გადმოსვენების საკითხებზე მოლაპარაკებებს განაგრძობს

წითელი ჯვრის ორგანიზებით, დევნილთა და განსახლების სამინისტრო აფხაზეთის ომის დროს დაღუპულთა გადმოსვენების საკითხებზე აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს მომავალშიც განაგრძობს.
ამის შესახებ სოზარ სუბარის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
“აფხაზეთის ომის დროს დაღუპული 12 ადამიანის იდენტიფიცირება მოხდა. 11 მათგანი ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაიღუპა, ხოლო ერთი კი – აჩადარაში ბრძოლების დროს. წითელი ჯვრის ეგიდით, 2010 წელს ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც 1992-1993 წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს შეისწავლის. მოლაპარაკების შედეგად ბაბუშერას სამარხის გახსნა და ნეშტების ექსჰუმაცია გადაწყდა. იდენტიფიცირების მიზნით ნეშტები გადმოსვენებულ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. დნმ-პროფილები და დაღუპლთა ოჯახების ბიოლოგიური მასალები ზაგრების ლაბორატორიაში გადაიგზავნა. ამ ეტაპზე, სულ იდენტიფიცირებულია 21 ნეშტი”, – აცხადებს დევნილთა და განსახლების სამინისტრო.
სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მეომრები დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. აფხაზეთიდან გადმოსვენებული 12 გმირის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში აღევლინა.
დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და მთავრობის წევრებმა.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი მედვედევი: 7 წელი გვაშორებს საქართველოს მხრიდან სამხრეთ ოსეთის მიმართ აგრესიას
შემდეგი სტატიაუკრაინამ რუსი მსახიობებისა და მომღერლების «შავი სია» ოფიციალურად გამოაქვეყნა