ზვიად კვაჭანტირაძე: პრემიერის განცხადება აბსოლუტურად ეხმიანება უმრავლესობის პოზიციას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ზვიად კვაჭანტირაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას აფასებს.

“მივესალმები პრემიერის გადაწყვეტილებას. იგი აბსოლუტურად ეხმიანება უმრავლესობის პოზიციას. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა და უკვე მომავალი კვირიდან, აუცილებლად განვიხილავთ ქცევის კოდექსს. ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩართულია წინასაარჩევნო პროცესში, უნდა იყოს პასუხისმგებელი ამ პროცესის ხარისხზე”, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკურ ძალებს გუშინ საგანგებო განცხადებით მიმართა.

“საქართველოში საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო და მინდა, საგანგებო განცხადებით მივმართო პოლიტიკურ ძალებს, სახელმწიფო უწყებებს და მთელ საზოგადოებას. უპირველეს ყოვლისა, მოვუწოდებ ყველას, უმოკლეს დროში მივიღოთ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ ძალთა ქცევის კოდექსი, რომელსაც, იმედი მაქვს, ჩვენს ქვეყანაში მოქმედი ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა შეუერთდება. ცნობილია, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო უკვე იხილავს ამ საკითხს, რაც უდაოდ მისასალმებელია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, და ამ განცხადების ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს, რომ ქცევის კოდექსში ჩადებულ პრინციპებზე შედგეს საზოგადოების ფართო კონსესუსი. კონსენსუსი, რომ არ იქნება გამოყენებული ძალადობრივი მეთოდები, სიძულვილის ენა, ოპონენტების შეურაცხყოფა, ღირსების შემლახველი ქმედება; ასევე, უზრუნველყოფილი იქნება განსხვავებული აზრის პატივისცემა.

მინდა მოვუწოდო სახელმწიფო უწყებებს, მის თითოეულ თანამშრომელს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ ნაბიჯებს, რათა არ მოხდეს მათი შესაძლო გამოყენება რომელიმე მხარის სასარგებლოდ, მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიისა. უაღრესად მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს რესურსზე მაქსიმალურად თანაბარი ხელმისაწვდომობა.

მინდა ყველას მოვუწოდო, არ დაუშვათ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის.

როგორც მმართველი გუნდის ლიდერმა, მინდა მივმართო ჩვენს მომხრეებს:
ჩვენი ხელისუფლების მთავარი სიძლიერე და უპირატესობა სწორედ მის დამოკიდებულებაშია ოპონენტების და განსხვავებული აზრის მიმართ. ამიტომ, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ეს მიდგომა და არავის მივცეთ საფუძველი კითხვის ნიშანი გაუჩნდეს ჩვენი მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით. ჩვენ ეს არ გვჭირდება – რადგან ისედაც გვაქვს ხალხის დიდი მხარდაჭერა!

განსაკუთრებით მივმართავ პოლიციას! ყველაფერი უნდა გაკეთდეს არამარტო წესრიგის უზრუნველსაყოფად, არამედ დაძაბულობისა და ესკალაციის ნებისმიერი გამოვლინების პრევენციისთვის. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს რეგიონებს და ყველგან, სადაც დაპირისპირების რისკი მაღალია, უნდა მოხდეს მაქსიმალური მობილიზება. სახელმწიფო სტრუქტურების და ინსტიტუტების ვალდებულებაა, უზრუნველყონ ყველა პოლიტიკური ძალის, განსაკუთრებით კი, ოპოზიციის კამპანიის შეუფერხებლად წარმართვა.

უკვე დაწყებულია რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრები. ჩვენი ხელისუფლება უზრუნველყოფს თანაბარ, მშვიდ და კონსტრუქციულ წინასაარჩევნო გარემოს”, – ნათქვამია მთავრობის მეთაურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაპოლიციო კონტროლის დროს, 53 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე: საქართველოს მიმართ კითხვები არ არსებობს