ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა შესაძლოა, ხუთი წლით გაგრძელდეს

სამართლებრივად შესაძლებელია, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა ხუთი წლით გაგრძელდეს, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, სადაც სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს მიმართავს, გაითვალისწინოს თხოვნა, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა გაგრძელდეს.

„ვისურვებ, რომ ზვიად გამსახურდიას შვილები ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ. გუშინ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ცოტნეს ვესაუბრე. პრეზიდენტის მომართვას ვეხმაურები. ვფიქრობ, მისი მხრიდან სწორი აქცენტი იყო, რომ საკანონმდებლო კუთხით თუ შესაძლებლობა არსებობს, პარლამენტმა გამოიყენოს. მის ინიციატივას მხარს ვუჭერ და შესაძლებელია, სამართლებრივი გზით ხანდაზმულობის ვადა ხუთი წლით გავზარდოთ, რითაც შესაძლებელი იქნება, რომ გამოძიება არ შეწყდეს.

ეს სამართლებრივი გზა არსებობს “სისხლის სამართლის კოდექსში” ცვლილებებით. მზად ვარ, ამაზე მუშაობა დავიწყო და შემდეგი კვირისთვის ინიცირება შესაძლებელი იქნება. დაჩქარებული წესით იქნებ განვიხილო, კოლეგებს დაველაპარაკები“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს მიმართავს, გაითვალისწინოს თხოვნა, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა გაგრძელდეს.

ზვიად გამსახურდიას საქმეზე გამოძიებას ხანდაზმულობის ვადა 31 დეკემბერს ეწურება. საქმეზე ძიება 2015 წლის შემდეგ, განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებულ განცხადებაზე ბაჩანა შენგელია სამშაბათს გამოიკითხება
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო : გრიპის ეპიდემიაზე საუბარი არ არის, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ოჯახის ექიმებს ავტომობილებით უზრუნველვყოფთ